კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერი „ანორთოსისი“ „ნეა სალამისს“ ესტუმრა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა - 2:2. ფამაგუსტელები უპირატესობას ფლობდნენ და ახლოს იყვნენ მორიგ გამარჯვებასთან, თუმცა ვერ მოახერხეს.
ანგარიში მე-3 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს, რასაც ზუსტად ერთ წუთში რაიომ უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. ეს გოლი დიდწილად ნიკა კაჭარავას დამსახურებაა, რომელმაც მცველს ჯერ ბურთი წაართვა, მერე კი იდეალურად განავითარა შეტევა და რაიოს ჩინებული პასი გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა.
მეორე ტაიმში სტუმრები გალიციოსის გოლით წინ გავიდნენ. ეს სტანდარტულ ვითარებას მოჰყვა, რომელიც თორნიკე ოქრიაშვილმა შეასრულა. დიახ, ქართველი შემტევი ერთთვიანი უქმობის შემდეგ გამოჯანმრთელდა და მოედანს დაუბრუნდა. თორნიკე მინდორზე 46-ე წუთზე გოლის ავტორ რაიოს ნაცვლად გამოჩნდა.
74-ე წუთზე კი, „ნეა სალამისმა“ გათანაბრება მოახერხა. სამ წუთში ოქრიაშვილმა დიდებული სოლორეიდი განახორციელა, მაგრამ ფანტასტიკურ გოლამდე ცოტა დააკლდა, რადგან ბურთი კარს მცირედით ასცდა.
კაჭარავამ კი, შეუცვლელად ითამაშა და კარგ ფორმაშია, ბოლო სამ მატჩში 2 გოლი და 3 საგოლე პასი მიითვალა. მურთაზ დაუშვილი თამაშში 88-ე წუთიდან ჩაერთო, ხოლო გიორგი ლორია დიდებულად ირჯებოდა - გაშვებულ გოლებში ბრალი არ მიუძღვის, სამაგიეროდ, 7 სეივი შეასრულა და რამდენჯერმე მართლაც ბრწყინვალე ბურთები აიღო.
თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსისი“ 8 ტურის შემდეგ დაუმარცხებელია (5 მოგება, 3 ფრე), 18 ქულა აქვს და ლიდერობას „ომონიასთან“ ერთად იყოფს, მაგრამ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.