კალათბურთი

0:15 | 4.11.2019 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას და ჯენინგის შედეგიანი თამაში მადრიდის "რეალთან"

ესპანეთის ლიგა ენდესას მეშვიდე ტურის ცენტრალური მატჩი „ბასკონიასა“ და მადრიდის „რეალს“ შორის გაიმართა. შეხვედრამ მოლოდინი სრულად გაამართლა და გულშემატკივარმა საოცრად დრამატული შეხვედრა იხილეს.

პირველ ტაიმში მადრიდლები უპირატესობას ფლობდნენ, დიდ შესვენებაზე 13-ქულიანი უპირატესობითაც გავიდნენ. თუმცა, მესამე პერიოდი ვიტორიელებმა უბრალოდ შეუდარებლად ჩაატარეს და ხსენებულ ათწუთეულში 36:18(!) იმარჯვეს. თუმცა, გადამწყვეტ მეოთხედში „ბასკონიამ“ ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და დამარცხდა. მატჩის დასრულებამდე 15 წამით ადრე მაიკლ ერიკმა ანგარიში გაათანაბრა (89:89), მაგრამ ხსენებულ დროში „რეალმა“ შედეგიანი შეტევა მოასწრო. გაბრიელ დეკმა გადამწყვეტი ორქულიანი საფინალო სირენის ხმასთან ერთად ჩააგდო და შეხვედრაც დასრულდა - 89:91.

„ბასკონიას“ რიგებში თორნიკე შენგელია და მეტ ჯენინგი გამოირჩნენ. თორნიკემ 32:31 წუთში 20 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 13-დან 3 ორქულიანი, 7-დან 4 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა. ქართველის საბოლოო შეფასებაზე დიდი გავლენა ორქულიანების დაბალმა პროცენტულმა მაჩვენებელმა იქონია (მხოლოდ 23%). ისე კი, ჩაგდებული ქულებით (20) თანაგუნდელთა შორის ბადალი არ ჰყავდა.

„ბასკონიას“ შემადგენლობაში ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიცინეტი კი ჯენინგმა დააფიქსირა - 23. საქართველოს ნაკრების ნატულარიზებულმა წევრმა 27:39 წუთში 18 ქულა, 1 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. 4-დან 3 ორქულიანი და 6-დან 4 სამქულიანი ჩააგდო.

ესპანური გუნდის ტვიტერის გვერდზე გულშემატკივართა შორის გამოკითხვაც ჩატარდა, ვინ იყო საუკეთესო. ჯენინგმა ხმების 39% მიიღო და MVP-იდ აღიარეს, ხოლო მეორე ადგილზე შენგელია გავიდა ხმების 32%-ით. ისე კი, მატჩის MVP „რეალის“ მოთამაშე ენტონი რენდოლფი გახდა მარგი ქმედების 26 კოეფიციენტით, 22 ქულითა და 4 მოხსნით.

„ბასკონია“ 3 მოგებით და 4 წაგებით ამ დროისთვის მეცხრე პოზიციაზეა და მომდევნო ტურში 10 ნოემბერს, „ობრადოიროს“ ესტუმრება.

0.113564