ტურინის „იუვენტუსის“ ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ France Football-ს ესაუბრა და საინტერესო თემებს შეეხო. პორტუგალიელის განცხადებით, მისი მთავარი მიზანი ასაკის მატებასთან ერთად კონკურენტუნარიან ფეხბურთელად დარჩენაა.
რონალდუ აღნიშნავს, რომ მის ასაკში „იუვენტუსის“ დონის გუნდში ბევრი არ თამაშობს და ეს მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ თავს ახალგაზრდულად გრძნობს. გარდა ამისა, მიიჩნევს, რომ ნიჭი მთავარია, მაგრამ შრომის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელია.
„19-20 წლის ასაკში მივხვდი, რომ ფეხბურთი ციფრებისგან, ტიტულებისგან, რეკორდებისგან და გოლებისგან შედგება. 700 გოლი შთამბეჭდავი მიღწევაა. კიდევ უფრო ვამაყობ იმის გამო, რომ ამას ძალიან ცოტა ფეხბურთელმა მიაღწია. ჩემი წარმატების მთავარი ფაქტორი ნიჭია, მის გარეშე არაფერი გამოდის. თუმცა შემდეგ მოდის შრომა, რომლის გარეშე ნიჭი არაფერს წარმოადგენს. ჩემი შრომის გარეშე კი, იქამდე ვერ მივიდოდი, სადაც ახლა ვარ. ციდან თავისით არაფერი ცვივა.
ყველაზე ლამაზი გოლი? ეს „იუვენტუსთან“ გატანილი „მაკრატელაა“, რომლის გატანას წლების განმავლობაში ვცდილობდი.
ჩემი მიზანია დავრჩე ახალგაზრდად და კონკურენტუნარიანად წლების გასვლასთან ერთად. იცით კიდევ ბევრი ფეხბურთელი, რომლებიც ჩემს ასაკში ჩემს დონეზე თამაშობენ ისეთ გუნდში, როგორიც „იუვენტუსია“?
მესისთან კონკურენცია ორივეს გვეხმარებოდა გაუმჯობესებაში. „რეალში“ უფრო მეტად ვგრძნობდი ამ კონკურენციას, ვიდრე „მანჩესტერში“, ამიტომაც შესაბამისად უფრო მეტი წნეხი არსებობდა“, - თქვა რონალდუმ.
აქვე გეტყვით, რომ France Football-ი რონალდუს ინტერვიუზე ტურინში ეწვია. იტალიური მედიის ცნობით, ფრანგული გამოცემა 2 დეკემბერს, „ოქროს ბურთს“ სწორედ პორტუგალიელს გადასცემს წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯილდოებამდე ერთი თვით ადრე, მხარების ეს შეხვედრა არ შედგებოდა, რომელსაც „იუვენტუსის“ წარმომადგენლებიც დაესწრნენ.