კვიპროსის ჩემპიონატის მე-7 ტურში ფამაგუსტას „ანორთოსის“ ქართველ ლეგიონერებს ერთობ შედეგიანი და წარმატებული დღე ჰქონდათ. თემურ ქეცბაიას გუნდმა „დოქსა“ სტუმრად 6:0 გაანაგურა, ნიკა კაჭარავამ და მურთაზ დაუშვილმა კი გოლები გაიტანეს.
თავიდანვე ვთქვათ, რომ გიორგი ლორიამ და კაჭარავამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო დაუშვილი მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა. კაჭარავა მეტად აქტიური იყო და პირველივე ტაიმში ორი საგოლე პასი გააკეთა. ჯერ რაიოს დაეხმარა გატანაში, მერე მიხალ დურისს. 53-ე წუთზე ნიკამ თავადვე მოახერხა გატანა და კვიპროსის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პირადი ანგარიში გახსნა.
79-ე წუთზე ფანტასტიკური სილამაზის გოლი გაიტანა დაუშვილმა. ქართველმა ნახევარმცველმა დაახლოებით 30 მეტრიდან ერთი შეხებით მართლაც რომ გაისროლა და საოცარი დარტყმა შეასრულა. კაჭარავას მსგავსად მისთვისაც სადებიუტო გოლი იყო ამ სეზონში.
რაც შეეხება გიორგი ლორიას, მას ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ რაც ჰქონდა, დაკისრებულ მოვალეობას თავი გაართვა და კარი მშრალად შეინახა. თორნიკე ოქრიაშვილი კი ტრავმირებულია და ბუნებრივია არ უთამაშია.
ქეცბაიას გაწვრთნილი „ანორთოსისი“ ჩინებულ ფორმაშია და 6 მატჩში მოპოვებული 14 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, ხოლო უახლოეს მდევრებთან შედარებით თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ გათამაშების ფავორიტ „აპოელს“ ჯერ მხოლოდ სამი თამაში აქვს გამართული და 9 ქულა დააგროვა.