სუპერლიგის მე-3 ტური დასრულდა. ბოლო მატჩში ერთმანეთს “კაკტუსი” და “რუსთავი” შეხვდნენ. რუსთაველებმა დუდუ დადიანის მემორიალში წაგებისთვის კაკტუსელებს რევანში აუღეს. 7 ოქტომბერს ეს გუნდები დადიანის ხსოვნის ტურნირზე შეხვდნენ და კაკტუსელებმა რუსთაველები ნახევარფინალში არ შეუშვეს. გეორგიოს კეცელიდისის გაწვრთნილმა ქვემოქართლურმა გუნდმა დღევანდელ შეხვედრაში მეტოქე ბოლო პერიოდში გატეხა და საბოლოოდ 13 ქულით – 86:73 დაამარცხა.
შეხვედრა რუსთაველთა უპირატესობით დაიწყო. ქვემოქართლელებმა ლიდერობა დასაწყისში რომ მოიპოვეს, თამაშის ბოლომდე არ დაუთმიათ. კეცელიდისის გაწვრთნილი გუნდი საწყისი პერიოდის შემდეგ 9 ქულით იგებდა, თუმცა კაკტუსელები არ თმობდნენ და მომდევნო 2 მეოთხედის მცირე სხვაობით მოგების შემდეგ, ბოლო ათწუთეულის წინ, ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირეს.
გადამწყვეტ პერიოდში ვითარება მაშინ დაიძაბა, როცა რუსთველთა ლიდერობა 4 ქულამდე (69:65) შემცირდა. ბერძენმა სპეციალისტმა წუთშესვენება აიღო, მოედანზე დაბრუნებული მისი კალათბურთელები კი დიდებულად ათამაშდნენ. დენზელ ლივინგსტონის, საბა ლობჯანიძის, ნიკოლა ტადიჩისა და ოთო ფხაკაძის შედეგიანობით “რუათავის” ლიდერობამ 10 ქულას გადააჭარბა და კაკტუსელებს თამაშის გადასარჩენად არც დრო შერჩათ და არც ძალა.
გამარჯვებულთაგან 13 ქულით, 6 მოხსნითა და 5 პასით საუკეთესო იყო ოთო ფხაკაძე. ნიკოლა ტადიჩმა 16 ქულა და 7 მოხსნა მოაგტივა. საბა ლობჯანიძემ 14, ხოლო დენზელ ლივინგსტონმა 12 ქულა მიითვალეს. კაკტუსელთაგან 21 ქულით საუკეთესო იყო მიხეილ ჭოჭუა. 17 ქულით დაასრულა შეხვედრა დენზელ ევერეტმა.
სუპერლიგის მომდევნო მატჩი 30 ოქტომბერს გაიმართება. ერთმანეთს “ტიტები” და “ცხუმ-აფხაზეთი” შეხვდებიან.
gbf.ge