გერმანიის ქალაქ ფრაიბურგის მოსახლეობამ ადგილობრივი კლუბის წინააღმდეგ სასამართლოში საქმე მოიგო.
საქმე ისაა, რომ 2020-2021 წლების სეზონიდან „ფრაიბურგი“ ახალ სტადიონზე ითამაშებს, მაგრამ მატჩებს საღამოს რვა საათის შემდეგ ან შუადღემდე ვერ ჩაატარებს. ასეთია ბადენ-ვიურტემბერგის ადმინისტრაციული სასამართლოს დადგენილება.
სტადიონის მიმდებარე მოსახლეობამ გააპროტესტა ახალი არენის მშენებლობა იმ მიზეზით, რომ შაბათ-კვირას ხმაურის გამო მათი სიმშვიდე დაირღვეოდა.
შედეგად, „ფრაიბურგი“ მომავალი სეზონიდან საშინაო მატჩებს პრაქტიკულად მხოლოდ დღის 3 საათიდან საღამოს 8 საათის პერიოდში ჩაატარებს. გერმანული გუნდის ახალი სტადიონი 35 000 მაყურებელს დაიტევს და მისი მშენებლობის საფასური 80 მილიონ ევროს შეადგენს.