საქართველოს ნაკრების მცველი სოლომონ კვირკველია 2017-2019 (გაზაფხულამდე) წლებში მოსკოვის „ლოკომოტივის“ გამორჩეული და შეუცვლელი ფიგურა იყო. თუმცა, მიმდინარე სეზონში ვითარება რადიკალურად შეიცვალა და ჩვენებური სათამაშო დროს მართლაც რომ დანატრებულია.
დღეს, „რკინიგზელები“ ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსს“ სტუმრად დაუპირისირდებიან, მაგრამ ქართველის მოედანზე ხილვის შანსი საკმაოდ დაბალია. არადა, საბა ბავშვობიდან „იუვენტუსის“ ქომაგია და ეს საჯაროდ არაერთხელ უთქვამს. ავტორიტეტული რუსული გამოცემა Sport-express-ი კვირკველიას ირგვლივ შექმნილი ვითარების შესახებ სტატიას აქვეყნებს, სათაურით - რატომ არ თამაშობს კვირკველია?
„სამშაბათს ტურინში მინიმუმ ერთი ადამიანი იქნება, რომელიც სადღაც მისი სულისკვეთებით ერთდროულად ორივე გუნდისკენ იქნება. „ლოკომოტივის“ მცველი სოლომონ კვირკველია არის „იუვენტუსისა“ და იტალიის ეროვნული ნაკრების გულშემატკივარი და ამას არასდროს მალავდა.
„იუვე“ ზოგადად საუკეთესოა“ - აგვისტოს ბოლოს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის შემდეგ ქართველმა კომენტარი გააკეთა, „იტალიელების დამარცხება იქნება საჭირო და შემდეგ რონალდუს მაისურს გავუცვლი!“
სამწუხაროდ, საბა მოედანზე ამის გაკეთებას დიდი ალბათობით, 99%-ით ვერ შეძლებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი, წელს სადღაც უფსკრულში იმყოფება და იური სიომინი მას 20 წლის სტანისლავ მაკგეევს ამჯობინებს, რომელმაც გროზნოში 90 წუთი ითამაშა, ხოლო ამ დროის განმავლობაში კვირკველია სათადარიგო სკამზე იყო.
რატომ არის საბა სკამზე, როდესაც ჯერ კიდევ გუშინ „ლოკომოტივის“ გასახდელის სული იყო?
დაზიანება და გამოჯანმრთელება
ქართველი მცველის პრობლემები გასული სეზონის ბოლოს დაიწყო. ორი წლის განმავლობაში მან თითქმის შეუცვლელად ითამაშა: 2017-2018 წლების ოქროს სეზონში 29 მატჩი ჩაატარა, შარშან, ყველა - 30. პლიუს ევროპა ლიგის, ჩემპიონთა ლიგისა და საქართველოს ნაკრების მატჩები, რასაც ფეხბურთელი მყარად უძლებდა.
უზარმაზარი დატვირთვების ფონზე კვირკველიას „ლოკოს“ ექიმების თქმით, ორივე ფეხზე კუნთების ანთება დაუდგინდა. 26 მაისს, „უფასთან“ მატჩის დასაწყისში მცველმა ტკივილი იგრძნო და შეცვლა ითხოვა. მაშინ, ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ ყველაფერი ასე სერიოზულად იქნებოდა. კვირკველია მთელი ზაფხული მკურნალობდა, მაგრამ რატომღაც სასურველ ფორმაში ვერ შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ აგვისტოს ბოლოს დადასტურდა მისი გამოჯანმრთელების ფაქტი, მაინც ვერ თამაშობს.
სექტემბერში, კვირკველიამ რუსეთის თასზე „ბალტიკასთან“ 120 წუთი ითამაშა, მანამდე იურმალას „სპარტაკთან“ სპარინგში - 45 წუთი. იური სიომინის კომენტარით თუ ვიმსჯელებთ, მწვრთნელს ფეხბურთელის თამაში არ მოსწონს:
„ის ჯერ მზად არ არის სათამაშოდ“, - უპასუხა „რკინიგზელთა“ თავკაცმა კითხვას კვირკველიას შესახებ. მდგომარეობის სრულად აღდგენისთვის დრო სჭირდება. და მაინც, სამი თვე დიდი დროა.
არანაირი კონფლიქტი
ტრავმის პარალელურად, რამდენიმე მედია საშუალებამ გაიხსენა: კვირკველიას ჰქონდა წინადადება „ლესტერიდან“, ბრიტანელები საქართველოს ნაკრების მცველისთვის 10 მილიონს იხდიდნენ, მაგრამ ის დარჩა „ლოკომოტივში“, სავარაუდოდ, ორი მიზეზით: ან თავად საბამ თქვა უარი, ან - სიომინმა.
ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც კვირკველიას სათამაშო დრო შეეზღუდა, გულშემატკივრებს შორის დაიბადა თეორია: მცველი 100%-ით არ იხარჯება იმ კლუბისთვის, რომელმაც ინგლისში წასვლის შესაძლებლობა არ მისცა. ამ პროცესში ყველა მიიღო მონაწილეობა, კლუბმა, სიომინმა და თავად კვირკველიამ.
ამას ემატება „ლოკომოტივიდან“ „რუბინში“ ხვიჩა კვარაცხელიას წასვლის ამბავი. მოსკოვურმა გუნდმა არ დამალა ის ფაქტი, რომ ამაში აგენტების წვლილი იყო, რამაც ფაქტობრივად ახალგაზრდა მოთამაშე „ლოკომოტივიდან“ წაიყვანა და ორივე ფეხბურთელის საქმებიი დაკავშირებულია მამუკა ჯუღელთან.
„კვირკველიასთან კონფლიქტი აბსოლუტურად არ არსებობს“, - თქვა „ლოკოს“ აღმსასრულებელმა დირექტორმა ვასილი კიკნაძემ, „ყველაფერი კარგადაა, მის უთამაშებლობაზე სამწვრთნელო შტაბს უნდა ჰკითხოთ“.
ჩვენი ინფორმაციით, კვირკველიას კონკურენციას ვერ უძლებს, არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია ფიზიოლოგიური ტესტები და სავარჯიშო პროცესი. სიომინი საბას პატივს სცემს, მაგრამ არ სურს ფეხბურთელის მოედანზე შეყვანა მხოლოდ ძველი დამსახურებებისთვის.
გვახსოვს, „რუბინის“ მაგალითი, როდესაც ხავი გარსიასთან კონფლიქტის გამო გუნდის დატოვება მოუწია. სიომინთან ამის წარმოდგენა შეუძლებელია, მაგრამ თუ ზამთრამდე სიტუაცია არ შეიცვლება და ძირითად შემადგენლობაში არ დაბრუნდება, დიდი შანსია, რომ სხვაგან წასვლა მოითხოვოს“, - წერს რუსული გამოცემა.
შეგახსენებთ, „ლოკომოტივი“ „იუვენტუსს“ დღეს ტურინში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება. კვირკველიას აქტივში კი, მიმდინარე სეზონში „ლოკომოტივის“ მაისურით ერთადერთი ოფიციალური თამაშია (რუსეთის თასზე), არადა, სეზონის პრაქტიკულად ნახევარი უკვე მიილია...