ფეხბურთი

9:38 | 7.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდე ნაკრების ევროპული დღიური – გუნდი ლატვიაშია

5 ივლისის საღამოს, გულშემატკივრებთან და მედიასთან ძალზე თბილი და უშუალო შეხვედრის შემდეგ, საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ლატვიაში, ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეკრებაზე გაემგზავრა.

ჩვენი გუნდი რიგაში პირდაპირი რეისით გაფრინდა და სამსაათნახევრიანი ფრენის შემდეგ, თვითმფრინავი რიგის აეროპორტში დაეშვა.

19-წლამდე ნაკრები ლატვიის დედაქალაქში, სასტუმრო “Days Hotel“-ში დაბინავდა. სასტუმროში მისულებს ადგილზე დაგვხვდა ნაკრებისა და რიგის “სკონტოს“ მცველი – ლაშა დვალი და ის უკვე გუნდთან ერთადაა, თუმცა, ამავე დროს, ლაშა დილის ვარჯიშებს “სკონტოსთან“ ერთად ატარებს.

11 ივლისს ლატვიურ კლუბს ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი ელის საკუთარ მოედანზე.19-წლამდე ნაკრების მწვრთნელები და ფეხბურთელები კი, თანაგუნდელის მხარდასაჭერად სტადიონზე წასვლასაც აპირებენ.

შეკრებაზე ჯერ არ ჩამოსულა ნიკა კაჭარავა, რომელიც გუნდს 8 ივლისს შეუერთდება. 11 ივლისს ჩამოვლენ ნიკა ჭანტურია და ნიკა სანდოხაძე.

მგზავრობით დაღლილი ფეხბურთელები მთელი დღის განმავლობაში ისვენებდნენ. საღამოს 6 საათისთვის კი, გია ცეცაძემ გუნდი სავარჯიშოდ წაიყვანა.

ვარჯიშმა საათნახევარს გასტანა და საკმაოდ დინამიური და აქტიური გამოდგა. ფიზიკურ კონდიციებზე მუშაობას საკმაო ხანი დაუთმო თემურ ლორთქიფანიძემ. ასევე, დიდხანს ხვეწდნენ ფეხბურთელები კომბინაციურ ვარიანტებს, ბოლოს კი, მინი-ორკარაც ითამაშეს.

დღეს, ნაკრებს იგივე განრიგი აქვს. 11 ივლისს კი, ცეცაძის გუნდი ტესტ-მატჩს “სკონტოს“ დუბლშემადგენლობასთან გამართავს.

დღეიდან, სფფ-ის პრესსამსახური ყოველდღიურად შემოგთავაზებთ 19-წლამდე ნაკრების ე.წ. “დღიურებს“, სადაც დაწვრილებით იქნება მოთხრობილი ჩვენი გუნდის მზადების შესახებ.

საევროპო სამზადისისა და შემდეგ უკვე ევროპის ჩემპიონატის ფოტო და ვიდეო მიმოხილვებს კი, შეგიძლიათ ფეხბურთის ფედერაციის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზეც გაეცნოთ, სანამ ინფორმაცია მუდმივად განახლებადია.

ამასთან, 8 ივლისიდან, საზოგადოებრივ მაუწყებელზე სფფ იწყებს ყოველდღიურ გადაცემებს 19-წლამდელთა და ევროპის ჩემპიონატის შესახებ. გადაცემა ეთერში ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს 23:00 საათზე გავა. 

 

სფფ-ის პრესსამსახური

რიგა, ლატვია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.106864