ესპანეთის ლიგა ენდესას მეხუთე ტურში ბექა ბურჯანაძის „გრან კანარია“ „ბარსელონას“ ესტუმრა და 75:89 დამარცხდა. თუმცა, პირველ ტაიმში მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია და დიდ შესვენებაზე გუნდები საყაიმო ანგარიშით (43:43) გავიდნენ.
გადამწყვეტი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელიც „ბარსელონამ“ 17(!) ქულით მოიგო და მოპოვებული უდიდესი უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.
მიუხედავად მარცხისა, ბექა ბურჯანაძეს წარმატებული თამაში ჰქონდა, რადგან ორმაგი დუბლი შეასრულა. ქართველმა კალათბურთელმა 28:43 წუთში 14 ქულა და 10 მოხსნა ჩაიწერა აქტივში (5 შეტევაში).
ბექამ 5-დან 2 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 16-ს გაუტოლდა, რაც „გრან კანარიას“ რიგებში მეორე მაჩვენებელი იყო ორიოლ ფორნელსის შემდეგ (18). სხვათა შორის მოპოვებული ქულებითაც ქართველი მხოლოდ მას ჩამორჩა (15 14-ის წინააღმდეგ) თანაგუნდელთა რიგებში.
ორმაგი დუბლი კი, ბურჯანაძის გარდა მხოლოდ ბარსელონელმა ნიკოლა მიროტიჩმა გაიფორმა (20 ქულა, 10 მოხსნა) და სწორედ მონტენეგროელი გახდა მატჩის MVP (სარგებლიანობის 25 კოეფიციენტით).
„გრან კანარია“ 2 მოგებითა და 3 წაგებით სატურნირო ცხრილის მე-11 ადგილზეა და მომდევნო ტურში 26 ოქტომბერს, „ჟუვენტუტს“ უმასპინძლებს.