ტურინის „იუვენტუსში“ კრიშტიანუ რონალდუს ეფექტი კარგად მუშაობს. Euromericas Sport Marketing-მა 2018-2019 წლების სეზონში გაყიდული მაისურების საუკეთესო ათეული გამოავლინა და გაირკვა, რომ „იუვენტუსი“ მეათე ადგილამდე აღზევდა.
ეს ცხადია, შთამბეჭდავი ციფრი არაა, მაგრამ წინა წლებთან შედარებით „იუვეს“ მაისურების გაყიდვების რაოდენობა სამჯერ გაიზარდა. პორტუგალიელის ტურინში ჩასვლის შემდეგ „ბებერი ქალბატონის“ მილიონ 315 ათასი მაისური გაიყიდა.
შედარებისთვის ტურინელებმა 2018 წელს მაისურების გაყიდვით 28 მილიონი ევრო, ხოლო 2019 წელს 44 მილიონი ევრო გამოიმუშავეს. კრიშტიანუს ეფექტი რომ „იუვენტუსში“ კარგად მუშაობს, სხვა ფაქტიც მოწმობს - ინსტაგრამში „იუვეს“ გამომწერთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, რის შედეგადაც ტურინელებმა „მანჩესტერს“ გადაასწრეს და ახლა მხოლოდ ესპანურ გრანდებს, „რეალსა“ და „ბარსელონას“ ჩამორჩებიან.
პირველ ადგილზე კი, ისევ „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით 4 მილიონ 950 ათასი მაისური გაასხვისა. „წითელ ეშაკებს“ კვალში „ლივერპული“ უდგას, საუკეთესო ათეული კი, შემდეგნაირია:
1. „მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლისი) – 4.950.00 გაყიდული მაისური
2. „ლივერპული“ (ინგლისი) – 3.943.000
3. „ბაიერნი“ (გერმანია) – 3.475.000
4. „რეალი“ (ესპანეთი) – 2.920.000
5. „ბარსელონა“ (ესპანეთი) – 2.755.000
6. „ჩელსი“ (ინგლისი) – 1.911.000
7. „დორტმუნდი“ (გერმანია) – 1.698.000
8. „პსჟ“ (საფრანგეთი) – 1.522.000
9. „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი) – 1.476.000
10. „იუვენტუსი“ (იტალია) – 1.315.000