სამი დღის წინ თურქეთის ნაკრებმა ჯენქ თოსუნის ბოლო წუთზე გატანილი გოლით ალბანეთი დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გაამრჯვება მოიპოვა. გოლი თურქმა ფეხბურთელებმა სამხედრო მისალმებით აღნიშნეს, რითაც თურქეთის სამხედრო აგრესიას სირიის მისამართით ნათლად მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ფეხბურთელთა ხსენებულ ჟესტს კი, ბუნებრივია უამრავი კრიტიკოსი გამოუჩდა. მაგალითისთვის, იტალიაში კრიტიკის ქარცეცხლში მოექცნენ „იუვენტუსისა“ და „რომას“ თურქი ლეგიონერები მერიჰ დემირალი და ჯენგიზ იუნდერი, ორივე მათგანმა ერდოღანის პოლიტიკას სოციალური მედიის მეშვეობით მხარდაჭერა გამოუცხადა.
გერმანული „სანქტ პაულის“ გულშემატკივრებმა კი, კლუბის ხელმძღვანელობას ოფიციალური წერილით მიმართეს, რომ გუნდიდან ჯენქ შაჰინი გაეძევებინათ, რომელმაც თურქეთის არმიის მხარამჭერი პოსტი ასევე სოციალურ ქსელში განათავსა. „სანქტ პაულის“ ქომაგები ამბობენ, რომ შაჰინი მსგავს ქმედებაში და ქურთებისადმი განსაკუთრებულ სიძულვილში შემჩნეული მანამდეც იყო და ამიტომ, მიაჩნიათ, რომ მათი საყვარელი გუნდის მაისურის ტარების უფლება არ აქვს.
თუმცა, ეს ყველაფერი არაა - ახლა სკანდალში გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები ილქაი გუნდოგანი და ემრე ჯანი გაეხვნენ. მოგეხსენებათ, ორივე მოთამაშე წარმოშობით თურქია. ილქაიმაც და ემრემაც სოციალურ ქსელში წერილის დასაწყისში ნახსენებ ჯენქ თოსუნის ფოტო მოიწონეს სამხედრო მისალმებით. ამას კი, გერმანიაში უკვალოდ არ ჩაუვლია და ფეხბურთელებს შესაძლოა ეს ძვირად დაუჯდეთ. იქამდე გუნდოგანი თავის მართლებას შეუდგა:
„ვფიქრობდი, რომ ვიწონებდი ჩემი ძვირფასი მეგობრის ფოტოს, რომელთანაც მანჩესტერში ვცხოვრობდი, რომ „ევერტონში“ რთულ და ადაპტაციის პერიოდში დავხმარებოდი. მან გადამწყვეტი გოლი გაიტანა თავისი ქვეყნისთვის. ფოტოს 20 ათასზე მეტი მოწონება ჰქონდა მათ შორის იყვნენ ფეხბურთელები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. უკაცრავად, რომ მათ შორის ჩემი და ემრე ჯანის „ლაიქიც“ აღმოჩნდა. პოლიტიკური განზრახვა არ გვქონია, ეს მხოლოდ მეგობრის მხარდაჭერა იყო. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ომის ნებისმიერ ფორმას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში“, - თქვა გუნდოგანმა.
აღსანიშნავია, რომ „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი მსგავს სკანდალში პირველად არ გახვეულა. 2018 წელს ერდოღანთან გადაღებული ფოტოს გამო დიდი კრიტიკა შეხვდა. იქვე იყო მესუთ იოზილი, რომელმაც ფოტოს გამო ბოდიში არ მოიხადა და გერმანიის ნაკრები დატოვა. გუნდოგანი კი, მაშინ ბოდიშმა გადაარჩინა. თუმცა, ამჯერად გუნდოგანი და ემრე ჯანი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ეს უბრალოდ მეგობრული მოწონება გახლდათ.
„არავითარი პოლიტიკური მესიჯი არ ყოფილა, ეს იყო უბრალოდ სპორტული დაფასება. მე არ მომწონს ომი, იმედი მაქვს მსოფლიოში მშვიდობა დაისადგურებს, სხვა ამის შესახებ სათქმელი არაფერი მაქვს“, - განაცხადა ინციდენტის მეორე მონაწილე ემრე ჯანმა.