ტომას მიულერისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ურთიერთობა შესაძლოა უახლოეს ხანებში დასრულდეს. Sportbild-ის ცნობით, გერმანელ ფეხბურთელს „რეკორდმაისტერის“ სათადარიგო სკამზე ჯდომის პერსპექტივა არ ხიბლავს და კლუბს გაყიდვა სთხოვა.
მიმდინარე სეზონში ნიკო კოვაჩმა მიულერს აგრძნობინა, რომ შეუცვლელი ფიგურა არაა. ბუნდესლიგის განვლილ შვიდ ტურში ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ სამჯერ მოხვდა და სამჯერვე შეცვალეს.
დანარჩენ ოთხ შემთხვევაში კი, მინდორზე ცვლილებიდან გამოჩნდა და ნახევარ საათზე მეტი არცერთხელ უთამაშია.
30 წლის შემტევი „ბაიერნის“ აკადემიის აღზრდილია და აქამდე სხვა გუნდში არ უთამაშია. აკადემიაში 2000 წელს მოხვდა, ხოლო 2008 წელს მთავარ გუნდში ჰქონდა დებიუტი, როდესაც მიუნხენურ გიგანტს ლუის ვან გაალი ავარჯიშებდა. მას შემდეგ „რეკორდმაისტერში“ 495 მატჩი ჩაატარა და 186 გოლი გაიტანა.
მიულერის შესაძლო მომავალ გუნდთა ჩამონათვალში გერმანულმა მედიამ მილანის „ინტერი“ დაასახელა.