პსჟ-სა და არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ ESPN-თან საუბარში კოპა ამერიკის ნახევარფინალი და ბრაზილიასთან მატჩი გაიხსენა.
დი მარიას თქმით, ლიონელ მესი თამაშის შემდეგ გასახდელში სიტყვით გამოვიდა, რომელმაც ყველა აატირა.
„მესიმ ბრაზილიასთან წაგების შემდეგ გასახდელში ლამაზი სიტყვები წარმოთქვა. თქვა, რომ ამაყობდა გუნდით, რომელიც ავაშენეთ. მიუხედავად იმისა, რომ ერთად დიდი დრო არ გვქონდა გატარებული, თითქოს ერთმანეთს მრავალი წელი ვინცობდით.
თქვა, რომ პირველივე დღიდან ყველანი ერთი მიმართულებით მივდიოდით, ძალიან ამაყობს განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელებით, რომლებმაც გუნდის მაისურით ყველაფერი გააკეთეს კოპა ამერიკაზე.
მესის სიტყვის გამოსვლის შემდეგ, გასახდელში ყველა ტიროდა, რადგან ყველაზე იმოქმედა. განსაკუთრებით, ახალგაზრდა ფეხბურთელებზე. მათ ამ გზით უნდა განაგრძონ, ადვილი არ იქნება, მაგრამ თუ მაქსიმალურად იბრძოლებენ, ადრე თუ გვიან იღბალი ჩვენს მხარეს იქნება“, - თქვა დი მარიამ.
შეგახსენებთ, არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკის 2019 წლის გათამაშებაში ნახევარფინალში მასპინძელ ბრაზილიასთან დამარცხდა.