გაბონის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "არსენალის" თავდამსხმელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა "დორტმუნდის" აღმასრულებელ დირექტორს ჰანს-იოახიმ ვაცკეს ჯამბაზი უწოდა. ვაცკემ Suddeutsche Zeitung-თან საუბრისას განაცხადა, რომ ფეხბურთელები კლუბიდან ფულის გამო მიდიან და ობამეინგზეც ისაუბრა.
"ობამეიანგი, რომელიც "არსენალში" დიდებულად თამაშობს, თავისი ბანკის ანგარიშის ნახვა უხარია ხოლმე, მაგრამ ოთხშაბათს დამწუხრდება, როდესაც ჩემპიონთა ლიგის თამაშს ტელევიზორიდან უყურებს." - განაცხადა ვაცკემ.
თავის მხრივ აფრიკელმა მოთამაშემ გერმანელს შეახსენა, რომ ფული მასაც ძალიან უყვარს და ამ თემაზე აღარ ილაპარაკოს.
"შენთვის უმჯობესი იქნება არ ვისაუბრო თუ რატომ დავტოვე "დორტმუნდი", მისტერ ვაცკე შე ჯამბაზო! მახსოვს როდესაც თქვი დემბელეს არასდროს გაყიდიდი და როდესაც 100 მილიონზე მეტი დაინახე, პირველი იყავი, რომელმაც თანხა აიღო. გთხოვ აღარ ილაპარაკო ფულზე!!! გთხოვთ დამტოვოთ მარტო." - დაწერა ობამეიანგმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე.