კალათბურთი

1:45 | 29.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 12 ქულა და გამარჯვება ყოფილ გუნდთან

ესპანეთის ლიგა ენდესას მეორე ტურში გიორგი შერმადინის „იბეროსტარი“ მალაგაში „უნიკახას“ ეწვია, სადაც ქართველი ცენტრი ბოლოს თამაშობდა.

პირველ ტურში გიორგიმ დიდებულად ითამაშა და არც ამჯერად ჩაუტარებია ურიგო თამაში. ჩვენებური პარკეტზე 31:52 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა და ხსენებულ დროში 12 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი და 2 დაფარება (ერთ ეპიზოდში) მიითვალა.

ქართველი კალათბურთელის მონაგარი გაცილებით მეტი იქნებოდა, ორქულიანები უფრო ზუსტად რომ ესროლა - 9-დან ოთხმა მიაღწია მხოლოდ მიზანს. საჯარიმოებში კი გაცილებით უკეთ გაისარჯა და 5-დან ოთხი ჩააგდო. შედეგად, გიორგის მარგი ქმედების კოეფიცინეტი 20-ს გაუტოლდა, რაც თანაგუნდელთა და მთლიანად შეხვედრაში მესამე მაჩვენებელი გახლდათ.

რაც შეეხება თამაშს, „იბეროსტარმა“ დიდებულად ჩაატარა მესამე პერიოდი, რომელიც 16-ქულიანი უპირატესობით მოიგო და ამის ხარჯზე მიმდინარე სეზონში პირველად იმარჯვა - 88:80.

აქვე გეტყვით, რომ „იბეროსტარი“ ლიგა ენდესას მესამე ტურში 5 ოქტომბერს, საკუთარ კედლებში მადრიდის „რეალს“ დაუხვდება.

0.115932