ფიფა ირანში საგანგებო დელეგაციას გააგზავნის 10 ოქტომბერს, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე ირანსა კამბოჯას შორის. ფიფას წარმომადგენლებს პირადად უნდათ დარწმუნდნენ, რომ ქალებს სტადიონზე შესვლის პრობლემა აღარ აქვთ.
დელეგაციის ხელმძღვანელი საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონი, იური ჯორკაეფი იქნება. - გვამცნობს AFP.
„ირანის საკითხი ახლა აქტიურად განიხილება ფიფაში. იქ 10 ოქტომბერს ჩასვლას ვგეგმავ, ჩვენი მიზანია ყველას დავანახოთ, რომ ფიფა მომხდარზე რეაგირებს და ირანზე ზეწოლას ახდენს.“ - თქვა ჯორკაეფმა.
სექტემბრის დასაწყისში, 29 წლის ირანელი გოგონა გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც თავი დაიწვა. მან კაცის ტანისამოსი გადაიცვა და ისე შეიპარა სტადიონზე. სამართალდამცავებმა ის დაიჭირეს და დააპატიმრეს. ამის შემდეგ გოგონამ თავი მოიკლა.