დრო გადის, ტური ტურს, თამაში თამაშს მისდევს და „მილანი“ უცვლელი რჩება. მარკო ჯამპაოლოს დღეს პაოლო მალდინიმ ნდობა გამოუცხადა, მაგრამ ეს „ტორინოსთან“ მატჩამდე გაკეთებული განცხადება იყო.
ტურინში კი „როსონერი“ დამარცხდა და კიდევ ერთხელ გაუქარწყლა იმედი საკუთარ გულშემატკივარს. არადა, ლომბარდიული გრანდისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო და მე-19 წუთზე კშიშტოფ პიონტეკმა გახსნა ანგარიში. ტაიმიც ასე დასრულდა.
„მილანი“ უპირატესობას 72-ე წუთამდე ინარჩუნებდა, მაგრამ შემდეგ 4 წუთში უკვე თავად იყო მდევრის როლში. ორჯერვე ანდრეა ბელოტიმ გამოიჩინა თავი. ჯერ ძლიერად დაარტყა, მაგრამ ვერც ჯანლუიჯი დონარუმა გაისარჯა მთლად საიმედოდ, ხოლო ცოტა ხანში იტალიელმა მეკარემ სიმონე ძაძას დარტყმა კი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ბელოტიმ იყოჩაღა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ნიშანდობლივია, რომ „ტორინომ“ „მილანს“ 1942 წლის შემდეგ პირველად მოუგო მატჩი, რომელშიც თავდაპირველად მარცხდებოდა...
„მილანმა“ 5 ტურში მესამედ და მათ შორის, ზედიზედ მეორედ წააგო. სავალალოდ გამოიყურება შავ-წითელთა შეტევის ხაზი და ამაზე სტატისტიკა მოწმობს: 5 თამაში, 3 გოლი და აქედან 2 პენალტით.
მარკო ჯამპაოლოს ვითარების ძალიან მალე გამოსწორება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში ლეგენდარული მალდინი ალბათ აზრს ადვილად შეიცვლის.
„ტორინო“ – „მილანი“ 2:1 (0:1)
გოლები: 0:1 პიონტეკი (19, პენ), 1:1 ბელოტი (72), 2:1 ბელოტი (76)