ლიონელ მესი ორიოდ დღის წინ ფიფას ვერსიით 2019 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, თუმცა სკანდალის გარეშე როგორც ჩანს, ეს საკითხი ვერ ჩაივლის. ნიკარაგუის ნაკრების კაპიტანი ხუან ბარერა და სუდანის ნაკრების მწვრთნელი ზდრავკო ლოგარუშიჩი აცხადებენ, რომ მათ მესის სასარგებლოდ ხმა არ მიუციათ.
არადა, ფიფას მიერ გამოქვეყნებულ სიაში დაფიქსირებულია, რომ ორივე ხსენებულმა პიროვნებამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად არგენტინელი მიიჩნია.
„მესისთვის ხმა არ მიმიცია. ძალიან გაკვირვებული დავრჩი, როდესაც ფიფას კაპიტანთა სიაში ჩემი გვარი ამოვიკითხე, რომ თითქოს ხმა მესის მივეცი, რადგან წელს არჩევანი საერთოდ არ გამიკეთებია. ფიფას ჩემთვის არანაირი ბმული არ გამოუგზავნია ჩემს ელექტრონულ ფოსტაზე, რომ არჩევანი გამეკეთებინა და თუ არ გამოუგზავნიათ, ხმა როგორ მივეცი?“, - თქვა ბარერამ.
სუდანის ნაკრების მწვრთნელი ლოგარუშიჩი კი ტვიტერში წერს, რომ მან ხმა მოჰამედ სალაჰს, სადიო მანესა და კილიან მბაპეს მისცა. ფიფას მონაცემებით კი, ზდრავკომ არჩევანი ლიონელ მესის, ვირჯილ ვან დეიკისა და სადიო მანეს სასარგებლოდ გააკეთა.
სწორედ ზემოხსენებული მოტივით ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციამ გადაწყვიტა ფიფას წერილი მისწეროს, რადგან ლოგარუშიჩმა საუკეთესოდ სალაჰს მიანიჭა უპირატესობა, თუმცა როგორც ჩანს, ეს ხმა მესის მიაკუთვნეს. გარდა ამისა, ეგვიპტელები ირწმუნებიან, რომ ეგვიპტის 23-წლამდე ნაკრების მწვრთნელმა შავკი გარიბიმ და კაპიტანმა აჰმედ ელმოჰამადიმაც გააკეთეს არჩევანი სალაჰის სასარგებლოდ, მაგრამ მათი ხმები არ დათვლილა.
დიდი ალბათობით, ფიფას მომხდარის შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთება მოუწევს, რომ აღნიშნულ ფაქტს მეტი სიცხადე შესძინოს.