ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღე საკმაოდ წარმატებულად წარიმართა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის.
დღეს აპარეზობაში ოთხი ქართველი ფალავანი ჩაერთო. გენო პეტრიაშვილი ოქროს მედლისთვის იბრძვის, ირაკლი მწითურსა და ზურაბ იაკობაშილს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვთ, ხოლო ავთანდილ კენჭაძე ასპარეზობას გამოეთიშა.
125 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გენო პეტრიაშვილი ოქროს მედლისთვის იჭიდავებს, რადგან ფინალში გასვლა მოახერხა. პეტრიაშვილი შეჯიბრში მერვედფინალიდან ჩაერთო და პირველივე დაპირისპირება კოსოვოელ ეგზონ შალას ძალიან ადვილად, 13:2 მოუგო. გენოს პრობლემა არც მეოთხედფინალში შექმნია, სადაც სირიელ ბადზა ხუტაბას 14:4 აჯობა. ქართველი ნახევარფინალში უკრაინელ ოლექსანდრ ხოციანივსკის დაუპირისპირდა და ისიც დიდი სირთულეების გარეშე დაჯაბნა - 6:2. პეტრიაშვილი უპირატესობას თავიდანვე დაეუფლა და შეხვედრა გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა. ქართველი ფალავანი ფინალში თურქ ტაჰა აკგულს გაეჯიბრება. ვთქვათ ისიც, რომ გენომ საქართველოს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზია დაუბევა.
92 კგ წონით კატეგორიაში ირაკლი მწითურმა ნახევარფინალში მარცხი განიცადა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ქართველმა ფალავანმა პირველი შეხვედრა უნგრელ ბენდეგუზ ტოტთან ჩაატარა და 8:0 იმარჯვა. მეოთხედფინალში ქართველმა იაპონელ ტაკუმა ოტსუსაც ადვილად (5:0) აჯობა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ამერიკელ მსოფლიო ჩემპიონ მაიკლ კოქსთან ვერაფერი გააწყო და 0:3 დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მწითურის მეტოქე ალჟირელ მოჰამედ ფარჯისა და ყაზახ ნურგალი ნურგაიპულის შორის გამარჯვებული იქნება.
70 კგ წონით კატეგორიაში ზურაბ იაკობიშვილმა კვალიფიკაციაში მოლდოველ მიჰაილ სავას 2:1 ჯობა, თუმცა მერვედფინალში რუსეთის წარმომადგენელ დავიდ ბაევთან 0:7 წააგო. მარცხის მიუხედავად, ქართველი ფალავანი აგრძელებს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლას, რადგან ბაევმა ფინალში გასვლა მოახერხა და ჩვენებური რეპეშაჟში გაიყოლა, სადაც ქართველი საწყის ეტაპზე ბელარუს ანდრეი კარპაჩს დაეჭიდება და გამარჯვების შემთხვევაში უზბეკ იხტიორ ნავრუზოვს შეხვდება. სწორედ ამ ორი ბრძოლის წარმატების დასრულების შემთხვევაში იჭიდავებს ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ დაპირისპირებას, სადაც მეტოქე უკვე ცნობილია - პოლონეთის სახელით მოასპარეზე მაგომედმურად გაჯიევი.
74 კგ წონით კატეგორიაში წარუმატებლად იასპარეზა ავთანდილ კენჭაძემ, რომელიც 1/8 ფინალში საფრანგეთის წარმომადგენელ ჩეჩენ ზელიმხან ხაჯიევთან 2:8 დამარცხდა. თავის მხრივ ხაჯიევი ნახევარფინალში იტალიელ ფრან ჩამოზოს ვერ გაუმკლავდა და აღნიშულ წონაში საქართველო მედლისა და ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზიის გარეშე დარჩა, თუმცა, მომავალში ამის შანსი კიდევ იქნება.
აქვე გეტყვით, რომ ფინალური ბლოკის შეხვედრები ხვალ, 21 სექტემბერს გაიმართება.