პირველი ლიგის მეორე ტური სამცხე- ჯავახეთში, ‘ტაოსა’ და ‘დინამოს’ დაპირისპირებთ დაიწყო. მალხაზ ჭეიშვილის შეგირდებს ასპინძაში, სეზონის პირველ საშინაო შეხვედრაში ქომაგის ოდენობაც და მხარდაჭერაც არ მოკლებიათ. მიუხედავად ამისა, მატჩსზე დამსწრე საზოგადოება ორი განსხვავებული ტაიმის მომსწრე გახდა.
შეხვედრის დებიუტიდან გამოყოლილი მღელვარება, რასაც ორმხრივი უამრავი შეცდომა სდევდა თან, მეტოქეებს ლამის ტაიმნახევარი გაჰყვათ. არეულ თამაშში უკეთ ‘დინამო’ გაერკვა. ქართული რაგბის უხნესმა გუნდმა შუამარბ გოჩა ხვიჩიასა ლელოსა და მგეზავ ირაკლი გოდერძიშვილის ჯარიმით ტაიმი 8:0 მოიგო და თან მეორე ნახევრის დასაწყისიც მასპინძლებს კარგს არაფერს უქადდა.
შეხვედრის ბოლო 20 წუთში კი ‘ტაომ’ მოახერხა უპირატესობის მოპოვება, რაშიც მესხებს ხელი სტუმართა გადაღლილობამაც შეუწყო. ჯერ ‘ტაოს’ მღლეტელმა ბექა აბრამალაძემ საკუთარი 22 მეტრიანი ზონიდან წამოღებული ოვალი ლელოდ თავადვე აქცია. მცირე ხნის შემდეგ მასპინძლებმა სწრაფი ჩათამაშების შედეგად ‘დინამოს’ ხაზი გაუჭრეს და ლელო აქტივში შუამარბმა ბექა ჭაჭუამ მიითვალა. მატჩის მშვენება კი ბოლო წუთებზე ჯემალ დოიჯაშვილის გატანილი ლელო გამოდგა. ‘ტაოს’ მგეზავის მურთაზ ჩიხლაძის ეფექტურად დაკიდებულ ოვალს, პირველმა სწორედ შუამარბმა დოიჯაშვილმა მიუსწრო. ჩიხლაძემ 2 რეალიზაცია გამოიყენა და საკუთარი გუნდის მიჯრით მეორე გამარჯვებაც დააფიქსირა 19:8. მარცხის მიუხედავად ‘დინამო’ ურიგო შთაბეჭდილებას არ ტოვებს. მოთამაშე-მწვრთნელის ლევან რამიშვილის თაოსნობით მეორე თამაშია, რაც დედაქალაქელები ბოლო წუთებზე მარცხდებიან, რაც უპირატესად გუნდის არასათანადო ფიზიკური კონდიციებითაა განპირობებული.
‘არმიამ’ მეორე ტურის შეხვედრაც დამაჯერებლად, სოლიდური სხვაობით მოიგო. ‘ჯარმა’ ‘შევარდენზე’, ქუთაისის ‘ბაგრატს’ ტაიმებში 4-4 ლელო გაუნაწილა და დაგეგმილი პრემიით 52:5 იმარჯვა. შეხვედრის გამორჩეული მოთამაშე არმიელი გიორგი ბრაჭული გახლდათ. მარცხენა ფრთამ ‘ჰეთ-თრიკის’ შესრულება მოახერხა.
დიდი ანგარიშით მარცხის მიუხედავად, რიონისპირელები ფავორიტს არ ეპუებოდნენ, ბოლომდე იბრძოდნენ და მხტომელ გიორგი ჩიტორელიძის ლელოთი ‘ბაგრატმა’ სეზონში პირველი სამატჩო ქულები აიღო.
პატარძეულში, ‘ ვეფხვებმა’ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგთან’ გამარჯვება დაგეგმილი პრემიის თანხლებით მოიპოვეს, თუმცა გარე კახელთა დამრიგებლები: ზვიად ცუხაშვილი და ზურა ამონაშვილი შეგირდთა გარჯით უკმაყოფილონი დარჩნენ. მართალია, ‘ვეფხვები’ მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდნენ, თუმცა უამრავმა ტექნიკურმა წუნმა, უპირატესად კი ოვალის სისტემატიურმა წინ ვარდნამ მასპინძლებს უფრო სოლიდური სხვაობით მოგების შესაძლებლობა არ მისცა 31:0. გარე კახელები საბრძოლველად სათანადოდ ვერ განეწყნენ, რის გამოც დებიუტანტთან მხოლოდ 4 ლელოს დადება მოახერხეს. მატჩის პირველი ლელო და ‘დუბლი’- მარბიელ ვეფხია უსტიაშვილის ანგარიშსზეა, რასაც შუამარბ მურაზ გიორგაძისა და მგეზავ ლაშა გურგენიძის გატანილი ლელოებიც მოჰყვა. მართალია, ‘ყაზბეგს’ ჯერ არც საცხრილო და არც სამატჩო ქულა არ მოუპოვებია, თუმცა მოხევეების ლიგაში ადაპტაციის პროცესით გუნდის დამრიგებელი გოჩა ჩქარეული უკმაყოფილო არ გახლავთ და ქომაგსაც მდგომარეობის გამოსწორებას უახლოეს მომავალში პირდება.
ქუთაისის ‘არესს’ სახელ და სახეშეცვლილი ‘ივერია ვარკეთილი’ ეწვია. პირველი ტურის შემდეგ გუნდი თავის იურიდიულ მფლობელს დაუბრუნდა, რასაც კლუბის ბინადრობის, სახელის, სტაფისა და შემადგენლობის შეცვლა მოჰყვა. გუნდი კოლხეთს გამოეთხოვა, ჩემპიონატს ‘ივერია ვარკეთილის’ სახელით აგრძელებს და ბინას თბილისში დაიდებს. ‘ივერია ვარკეთილს’, მოთამაშე-მწვრთნელი გიორგი ბუბუნაური უძღვება, ვის განკარგულებაში ამჟამად, ძირითადად კარგა ხნის უთამაშებელი მორაგბეები იმყოფებიან.
სახელდახელოდ შეკოწიწებულმა და მოუმზადებელმა ‘ივერია ვარკეთილმა’, ‘ომის მრისხანე ღმერთთან’ მატჩი ასტრონომიული სხვაობით 0:188 წააგო. რიონისპირელმა გიორგი გოგიაშვილმა 8 ლელო გაიტანა, რამაც ‘არესის’ მარჯვენა ფრთა, ერთ შეხვედრაში გატანილ ლელოთა ოდენობით კლუბის რეკორდსმენად აქცია.
ლიგის კიდევ ერთმა დებიუტანტმა ‘დევებმა’ ოზურგეთის ‘არწივებს’ ნავთლუღში, ‘შევარდენზე’ უმასპინძლეს. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და რომ არა გურულების ლიდერის გიორგი კალანდაძის ჩინებული თამაში, შესაძლოა ჩემპიონატში პირველი სენსაციაც დაფიქსირებულიყო.
თორნიკე ხმელიძის, გიორგი გვიდიანისა და რატი გორჯომელიძის ლელოთა მეოხებით დებიუტანტი შეხვედრის დამთავრებამდე 12 წუთით ადრე 8-ქულიან უპირატესობას ფლობდა. მატჩის დასკვნით ნაწილში კი ‘არწივთა’ კაპიტანმა და შუამარბმა გიორგი კალადაძემ წყვილი ლელოს გატანა მოახერხა, რამაც გურულებს სეზონის მეორე შეხვედრაც მოაგებინა 29:23. ‘დევები’ კი აღებული ნუგეშით და პირველი საცხრილო ქულით მე-6 ადგილზე დამკვიდრნენ.
მართალია, პირველობის ორივე სადებიუტო შეხვედრა ხუთმა გუნდმა მოიგო, თუმცა დაგროვილი მაქსიმალური 10 ქულით, სატურნირო ცხრილის სათავეში დიდი 10-ის საგზურის მთავარი მაძიებლები: ‘არესი’, ‘არმია’ და ვეფხვები’ მოექცნენ.
მომდევნო ტურის გამორჩეული შეხვედრა ოზურგეთში გაიმართება. ‘არწივები’ სამცხე-ჯავახეთის ‘ტაოს’ უმასპინძლებენ. ინტერესმოკლებული არც დედაქალაქში, ‘დინამოსა’ და ‘არესის’ დაპირისპირება არ უნდა გამოდგეს.
http://site.rugby.ge