პორტულიის პრიმეირა ლიგის მიმდინარე სეზონი ჩინებულად დაიწყო საქართველოს ნაკრების მეკარისთვის, გიორგი მაკარიძისთვის. სეტუბალის "ვიტორიას" ქართველმა ლეგიონერმა განვლილ 5 ტურში 4 გოლი გაუშვა, მაგრამ სამაგიეროდ, 5-დან 4 მატჩში კარი მშრალად შეინახა.
ჩვენებურმა ბოლოს ეს „ბრაგასთან“ მოახერხა, როდესაც 6 სეივით დაასრულა შეხვედრა და საკუთარ გუნდს სეზონის პირველ გამარჯვებაშიც დაეხმარა (1:0).
მაკარიძემ მიმდინარე სეზონში კარი მშრალად „ტონდელასთან“ (0:0), „მორეირენსესთან“ (0:0), „ჟილ ვისენტესთან“ (0:0) და აწ ნახსენებ „ბრაგასთან“ (1:0) შეინახა. ერთადერთი გუნდი, რომელმაც გიორგის კარში გოლ(ებ)ი გაიტანა, მრისხანე „პორტუ“ გახლავთ, თანაც ოთხჯერ (0:4). თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ „დრაკონებთან“ ჩვენებურმა საკუთარი გუნდი 6-ჯერ გადაარჩინა გაშვებულ გოლს.
გიორგის დარად 5 ტურის შემდეგ პორტუგალიის ჩემპიონატში 4 მშრალი მატჩი მხოლოდ „სანტა კლარას“ კარის დარაჯ მარკო პერეირასა და „ბენფიკას“ კიპერ ოდისეას ვლაჩოდიმოსს აქვთ. საერთო ჯამში მაკარიძემ ამ დროისთვის 17 სეივი შეასრულა და აღნიშნული მაჩვენებლით მხოლოდ „ბელენენსეშის“ მეკარეს ერვე კოფისა (19 სეივი) და „ტონდელას“ კიპერ კლაუდიო რამოსს (19 სეივი) ჩამორჩება. ისიც გამოსარჩევია, რომ ჩვენებურს მიჯრით სამი მატჩია გოლი არ გაუშვია და 296-წუთიანი მშრალი სერია აქვს (სამი მატჩი და "პორტუსთან" ბოლო 26 წუთი).
ბოლოსკენ იმასაც გეტყვით, რომ ცნობილი სტატისტიკური ვებგვერდის Sofascore-ს მონაცემებით მაკარიძე პრიმეირა ლიგის მეხუთე ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა 8.2-ქულიანი შეფასებით.