ფეხბურთი

22:08 | 8.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბრძოლა და ქულა დანიასთან

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში პირველი ფრე ითამაშა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა მეხუთე ტურში „დინამო არენაზე“ დანიის ნაკრებს უმასპინძლა და ბრძოლაში, ღირსეულად მოიპოვა ერთი ქულა.

შესაძლოა ეს ქულა საქართველოს ნაკრებისთვის ახლა სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით დიდად არ ფასობდეს, მაგრამ ის უდაოდ უნდა გამოვარჩიოთ, რომ დანიას მასპინძლებისთვის ერთი თავით არ უჯობნია დ მეტიც, საქართველოსაც ჰქონდა სახიფათო ჩხვლეტები.

საერთოდ, თამაში არცთუ სანახაობრივი გამოდგა და სახიფათო მომენტები თითო-ოროლა იქმნებოდა. გამოსარჩევია ორჯერ გიორგი ლორიას კარგი თამაში, ერთხელად კრისტიან გიტკიაერმა ხარიხა შეაზანზარა. საპასუხოდ, საქართველოს ნაკრებმა კარის ჩარჩოში პირველად და ერთადერთხელ მსაჯის კომპენსირებულ ბოლო წუთზე დაარტყა, როდესაც თორნიკე ოქრიაშვილის ჯარიმას კასპერ შმეიხელი ადვილად გაუმკლავდა. თუმცა, ეს არ აკნინებს ქართველთა გარჯას და მეტიც, მიმდინარე შესარჩევ ციკლში ეს ალბათ ყველაზე კარგი თამაში იყო (განსაკუთრებით შედეგის თვალსაზრისით).

ქართველთაგან ყველაზე ახლოს გოლთან ვაკო ყაზაიშვილი იყო, რომლის გასროლა მცირედით ასცდა დანიელთა კარს. გიორგი ქვილითაიამ ხარიხას გაარტყა, მაგრამ თანამსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

ამრიგად, ნულოვანი ფრე და საქართველოს ნაკრებმა ქვეჯგუფში 4 ქულა დააგროვა, რაც მეოთხე ადგილისთვისაა საკმარისი. აი, დანიელებს კი ვინძლო თბილისში დაკარგული ორი წინ დახვდეთ, რადგან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად იბრძვიან და მათთვის თითეული ქულა მეტად მნიშვნელოვანია.

ვთქვათ ისიც, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩს ისევ თბილისში, 12 ოქტომბერს, ირლანდიის ნაკრებთან გამართავს.

საქართველო - დანია 0:0 (0:0)

თბილისი, „დინამო არენა“

საქართველო (4-2-3-1): ლორია; კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ტაბიძე; აბურჯანია (გვილია 86), კიტეიშვილი; ოქრიაშვილი, ანანიძე, ყაზაიშვილი; ქვილითაია

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

დანია (4-3-1-2): შმეიხელი; დალსგაარდი, კიაერი, კრისტენსენი, ლარსენი; ბრაითვაითი, ჰოიბერგი (შონე 73), დელანი; ერიკსენი; პოულსენი, დოლბერგი (გიტკიაერი 67)

მწვრთნელი: იონ დალ ტომასონი

გაფრთხილება: გრიგალავა (42), კაკაბაძე (89) - შონე (87)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 4 (1) – 10 (6) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 2:9 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: ფრანსუა ლეტექსი (საფრანგეთი)

0.121868