საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დანიასთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამარტა და მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.
სლოვაკი სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ეროვნულ ნაკრებში ყველა ფეხბურთელის გამოძახება არ შეუძლია. გარდა ამისა, ვაისმა ყაზახურ „ასტანაში“ შესაძლო გადაბარგებაზეც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ ახლა საქართველოს ნაკრების მწვრთნელია და ეს მთავარია.
„მოგეხსენებათ ამ თამაშისთვის მზადება სტამბოლში დავიწყეთ, სადაც საკმაოდ კარგი თამაში ჩავატარეთ სამხრეთ კორეასთან. დადებითია, რომ არაერთი ფეხბურთელი დაგვიბრუნდა ტრავმების შემდეგ, ანანიძე, ქვილითაია, ოქრიაშვილი. შედეგითაც კმაყოფილი ვარ და მთლიანობაში სამზადისიც კარგად გავიარეთ.
ტრავმირებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით ცუდი ინფორმაცია მაქვს, რადგან ლაშა დვალი და ზურიკო დავითაშვილი ვერ ითამაშებენ. დავითაშვილმა სამხრეთ კორეასთან ძალიან კარგად ითამაშა და სამწუხაროა, რომ გამოგვაკლდა. რაც შეეხება დვალს, ის მანამდეც ტრავმირებული იყო, ისევე როგორც დავით ხოჭოლავა და სოლომონ კვირკველია. რაც შეეხება გიორგი ჩაკვეტაძეს, მისი რეაბილიტაცია კარგად მიმდინარეობს და ჩვენ კონტაქტი გვაქვს ბელგიელ ექიმებთან. სავარაუდოდ, მოედანზე ორ თვეში დაბრუნდება.
ამჯერად არჩევანი გავაკეთე ოქრიაშვილზე, ანანიძეზე, ყაზაიშვილზე, შენგელიაზე, დავითაშვილზე, ლობჟანიძეზე. ხარაიშვილი კარგი ფეხბურთელია, მას ვაკვირდებით, მაგრამ ამ ეტაპზე გავაკეთეთ ის არჩევანი, რომელიც სახეზეა.
არაბიძე და ზარანდია? იგივე სიტუაციაა, როგორც ხარაიშვილის შემთხვევაში. ეროვნულ ნაკრებში ყველა ფეხბურთელს ვერ გამოვიძახებ. შესაძლოა სხვა მწვრთნელმა სხვა არჩევანი გააკეთოს და მაგალითად ყაზაიშვილის ნაცვლად გამოიძახოს ზარანდია. მინდა ვთქვა, რომ მის თამაშს თვალს ვადევნებთ და ახლა ცოტა რთული პერიოდი აქვს, რადგან გუნდი შეიცვალა.
„ასტანა“? მთავარი ისაა, რომ დღეს აქ ვარ და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში ვატარებ პრესკონფერენციას.
გამოუყენებელი მომენტები ზოგადად ჩვენი სენია და არამხოლოდ სამხრეთ კორეასთან, არამედ ბევრი თამაში იყო, როცა მომენტები გავანიავეთ. მარტო ვაკო ყაზაიშვილს შეეძლო დუბლის შესრულება და ვუთხარი, რომ საჯარიმოში უფრო აგრესიული უნდა იყოს. შემადგენლობას რაც შეეხება, თუნდაც ტრავმებისგან გამომდინარე აუცილებლად მომიწევს 2-3 ცვლილების გაკეთება. ამიტომაც, გამოვცადე ოთარ კიტეიშვილი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე, რადგან ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა კანკავა დაგვაკლდებიან. თუმცა, გვყავს სხვა მოთამაშეებიც ამ პოზიციებზე, გიორგი აბურჯანია, ვაკო გვილია, მურთაზ დაუშვილი, ვნახოთ. დაუშვილი ორწლიანი პაუზის შემდეგ დაგვიბრუნდა, აქამდე ოპტიმალურ ფიზიკურ ფორმაში არ იყო, მაგრამ ამ მხრივ მდგომარეობა გამოასწორა. გეთანხმებით, რომ კანკავას მსგავსი სტილი ფეხბურთელია და არ გამორიცხავ, რომ მოედანზე ვიხილოთ“, - თქვა ვაისმა.
შეგახსენებთ, საქართველოსა და დანიის ნაკრებთა მატჩი 8 სექტემბერს, 20:00 საათზე „დინამო არენაზე“ გაიმართება.