ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩები ოთხ ქვეჯგუფში გაიმართა. ყველაზე დიდი ინტერესი კი ცხადია, ჰამბურგში, გერმანიისა და ჰოლანდიის დაპირისპირებამ გამოიწვია.
„ვოლკპარკშტადიონზე“ შეხვედრა ალემანთათვის ჩინებულად დაიწყო და უკვე მეცხრე წუთზე სერჟ გნაბრიმ ანგარიში გახსნა. რონალდ კუმანის გუნდს კი წაგების უფლება არ ჰქონდა, რადგან ასეთ შემთხვევაში გერმანიასა და ჩრდილოეთ ირლანდიას საგრძნობლად ჩამორჩებოდა.
პირველ ტაიმში გნაბრის გოლი ერთადერთი გამოდგა, სამაგიეროდ, მეორე ნახევარი გამოდგა უხვგოლიანი და ეს სტუმართა დამსახურებაა. თავდაპირველად ფრენკი დე იონგმა სადებიუტო სანაკრებო გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. მალევე, ჯონათან ტაჰის ავტგოლით ჰოლანდია წინ გავიდა, მაგრამ იქვე ტონი კროოსმა პენალტით აღადგინა წონასწორობა. მიუხედავად ამისა, მატჩის დასკვნითი ნაწილი მთლიანად ჰოლანდიელთა გამოდგა. დონიელ მალენმა ეროვნულ გუნდში დებიუტი გოლით აღნიშნა, ხოლო შეხვედრას წერტილი ჯორჯინიო ვეინალდუმმა დაუსვა. ვთქვათ, რომ ჰოლანდიამ გერმანიას სტუმრად 4 გოლი პირველად გაუტანა. ამასთან, 2014 წლის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ჰოლანდიის ნაკრებმა მეორე ტაიმში ოთხი გოლი გაიტანა. ბოლოს მსგავსი შედეგი 2014 წლის მუნდიალზე ესპანეთთან შეხვედრაში დაფიქსირდა.
ვთქვათ, რომ C ჯგუფს, სადაც როგორც უკვე ვთქვით ჰოლანდია და გერმანია თამაშობენ, ოთხი ტურის შემდეგ ჩრდილოეთ ირლანდია უდანაკარგოდ, 12 ქულით ლიდერობს, გერმანიას 9 ქულა აქვს, ხოლო ჰოლანდიას - ექვსი (სამ თამაშში).
E ჯგუფს ორი ლიდერი ჰყავს - უნგრეთი და ხორვატია. უნგრელები ამჯერზე ისვენებდნენ, ხორვატებმა კი სლოვაკეთში გაისეირნეს და ადგილობრივი ნაკრები 4:0 გაანადგურეს. აღნიშნულ ქვეჯგუფში უშანსოდ არც უელსი უნდა იყოს, რომელმაც აზერბაიჯანი გარეთ ბეილის გვიანი გოლით აზერბაიჯანი დაამარცხა და 6 ქულით მესამე ადგილს იკავებს.
G ჯგუფის მეხუთე ტურში პირველი მარცხი განიცადა პოლონეთის ნაკრებმა, რომელიც სლოვენიაში ვერაფერს გახდა და ორი უპასუხო გოლი გაუშვა. ავსტრიამ კი ლატვია გაანდგურა და მეორე ადგილზე დამკვიდრდა. საერთოდ, აქ ძალიან საინტერესო ვითარებაა შექმნილი და ქვეჯგუფიდან გასვლის შანსი ერთბაშად ოთხ გუნდს აქვს - პოლონეთი, ავსტრია, სლოვენია და ისრაელი.
და ბოლოს, I ჯგუფი, სადაც ბელგიამ სან მარინოსთან ივარჯიშა, ხოლო რუსეთი სტუმრად შოტლანდიათან მარცხდებოდა, მაგრამ საბოლოოდ გამარჯვება მაინც მოიპოვა. კვიპროსი და ყაზახეთი კი დაზავდნენ და ქულები გაიყვეს. ამ ჯგუფში ბელგიელები და რუსები გამოკვეთილად ლიდერობენ და ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება არ უნდა გაუჭირდეთ.
C ჯგუფი
გერმანია - ჰოლანდია 2:4 (1:0)
გოლები: 1:0 გნაბრი (9), 1:1 დე იონგი (59), 1:2 ტაჰი (66, ა.გ ), 2:2 კროოსი (73, პენ), 2:3 მალენი (79), 2:4 ვეინალდუმი (90)
ესტონეთი - ბელარუსი 1:2 (0:0)
გოლები: 0:1 ნაუმოვი (48), 1:1 სორჟი (54), 1:2 სკავიში (90)
E ჯგუფი
სლოვაკეთი - ხორვატია 0:4 (0:1)
გოლები: 0:1 ვლაშიჩი (45), 0:2 პერიშიჩი (47), 0:3 პეტკოვიჩი (72), 0:4 ლოვრენი (89)
უელსი - აზერბაიჯანი 2:1 (1:0)
გოლები: 1:0 პაშაიევი (26, ა.გ), 1:1 ემრელი (59), 2:1 ბეილი (84)
G ჯგუფი
ავსტრია - ლატვია 6:0 (2:0)
გოლები: 1:0 არნაუტოვიჩი (7), 2:0 ზაბიცერი (13), 3:0 არნაუტოვიჩი (53, პენ), 4:0 სტეინბორსი (76, ა.გ), 5:0 ლაიმერი (80), 6:0 გრეგორიში (85)
სლოვენია - პოლონეთი 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 სტრუნა (35), 2:0 სპორარი (65)
I ჯგუფი
კვიპროსი - ყაზახეთი 1:1 (1:1)
გოლები: 0:1 შჩეტკინი (2), 1:1 სოტირიუ (39)
სან მარინო - ბელგია 0:4 (0:1)
გოლები: 0:1 ბატშუაი (43, პენ), 0:2 მერტენსი (57), 0:3 შადლი (63), 0:4 ბატშუაი (90)
შოტლანდია - რუსეთი 1:2 (1:1)
გოლები: 1:0 მაკგრინი (11), 1:1 ძიუბა (40), 1:2 ო’დონელი (59, ა.გ)