რაგბი

15:27 | 5.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბორჯღალოსნები: სამი ცვლილება შოტლანდიასთან განმეორებითი მატჩისთვის

ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა, 2019 წლის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

6 სექტემბერს შოტლანდიის ნაკრებს ედინბურგში, ქვეყნის მთავარ სარაგბო არენა „მერიფილდზე“ ვერკინებით და ეს ჩვენი გუნდისთვის იაპონიაში გამგზავრებამდე უკანასკნელი რეპეტიციაა. ამავდროულად, წელს პირველად ხდება, რომ ერთ კვირაში ტიერ1-ის გუნდს ზედიზედ მეორედ ვეთამაშებით.

შეგახსენებთ, 31 აგვისტოს შოტლანდიას „დინამო არენაზე“ დავუხვდით და მეტოქემ 44:10 იმარჯვა, ახლა კი იგივე გუნდს სტუმრად, საქართველოს დროით 22:30 საათზე ვეთამაშებით.

ერთი კვირის წინანდელი მატჩის შემდეგ, ჰეიგმა სასტარტო 15-ში სულ სამი ცვლილება განახორციელა, თუმცა არის გარკვეული გადაადგილებები. ღერძი უცვლელი დარჩა და 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე, ხოლო მგეზავი თედო აბჯანდაძე იქნება. ფულბეკად იწყებს თამაშს იოსებ მათიაშვილი. ცენტრში დავით კაჭარავას ამჯერად ლაშა მალაღურაძე შეუწყვილდება. აღსანიშნავია, რომ ცენტურიონი კაჭარავასთვის ეს 116-ე სანაკრებო შეხვედრაა და ის ამ კუთხით ერთპიროვნულად დაწინაურდება. ფრთაზე გადაინაცვლა ზურაბ ძნელაძემ, რომელიც სანდრო თოდუას შეცვლის, ხოლო მეორე ფრთა კვლავ მირიან მოდებაძე იქნება.

უცვლელი დარჩა შერკინების პირველი ხაზი და თამაშს გუნდის კაპიტანი მიხეილ ნარიაშვილი, შალვა მამუკაშვილი და ბექა გიგაშვილი იწყებენ. მეორე ხაზში კოტე მიქაუტაძეს ამჯერად გიორგი ნემსაძე შეუწყვილდება. მესამე ხაზში გადაინაცვლა შალვა სუთიაშვილმა, რომელიც ოთარ გიორგაძის ადგილს დაიკავებს, ხოლო მეორე ფლანკერად ბექა საღინაძეს გიორგი თხილაიშვილი შეცვლის. შერკინების შემკვრელი კვლავ ბექა გორგაძე იქნება.

ცვლილებებია მარქაფაშიც და კვაჭად თამაშში 19 წლის ვანო კარკაძე ჩაერთვება, ბურჯებად კი გურამ გოგიჩაშვილი დაგიორგი მელიქიძე შევლენ. მეორე ხაზში შეცვლაზე ლაშა ლომიძე, ხოლო მესამეში საღინაძე შევა. 9 ნომრის მარქაფა კვლავ გელა აფრასიძეა, ასევე ცვლილებაზე რჩება თამაზ მჭედლიძე, ხოლო ხაზის კიდევ ერთი შემცვლელი გიორგი კვესელაძეა, რომელმაც ხელის ტრავმის შემდეგ რეაბილიტაცია დაასრულა და მოსამზადებელ მატჩებში პირველად ითამაშებს.

http://site.rugby.ge

0.117981