ფეხბურთი

0:52 | 5.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ჩვენთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სამხრეთ კორეასთან სპარინგის წინ კომენტარი გააკეთა. სლოვაკი სპეციალისტის განცხადებით, მათთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია და დანიასტან არასასრუველი შედეგის შემდეგ რეაბილიტაცია სურთ.

სლოვაკმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ გუნდს თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი და მურთაზ დაუშვი დაუბრუნდნენ და იქვე აღნიშნა, რომ ახალგაზრდებს შანსი ეძლევათ, რომ შანსი გამოიყენონ - ვაისს ამის დიდი იმედი აქვს.

„ჩვენთვის ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია. დანიასთან ნაჩვენები არასასურველი შედეგის შემდეგ, გვსურს, რომ კორეასთან მატჩი დანიელებთან თბილისში დაგეგმილი შეხვედრისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ. კორეის ნაკრები გასული მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა, ყავთ გამორჩეული ფეხბურთელებიც და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი გუნდია.

მოხარული ვარ, რომ ოქრიაშვილი, პაპუნაშვილი და დაუშვილი დაბრუნდნენ. ვაკვირდებით მათ ფიზიკურ მდგომარეობას. მართალია, კორეასთან ამხანაგური მატჩი გვაქვს, მაგრამ შემდეგ დანიასთან გვიწევს დაპირისპირება. მომავალი წლის გაზაფხულზე კი საქართველოს აქვს კარგი შანსი ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე. ამ დროისთვის უახლოესი შეხვედრებისთვის ვემზადებით, თუმცა გარკვეული პრობლემები გვაქვს დაცვის ხაზში, რადგან ხოჭოლავამ და კვერკველიამ ტრავმები მიიღეს. ბოლომდე მზად არ არის ლაშა დვალიც და ვაკვირდებით.

მიმდინარე შეკრებაზე გამოვიძახე დავითაშვილი, რომელმაც რუსეთის ჩემპიონატში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, ასევე კვარაცხელია და მათთან ერთად პირველად გამოვიძახე საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ლევან შენგელია, რომელიც კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს. გუნდში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს და მათ შანსიც ეძლევათ ხოლმე. ვნახოთ, ვინ ითამაშებს ხვალ. რა თქმა უნდა, სადებიუტო თამაშები ნაკრებში ნებისმიერი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

დაგვიბრუნდა ვაკო ყაზაიშვილი, რომელიც ამერიკაში შესანიშნავად ირჯება, გააქვს გოლები - მისგან სწორედ ასეთ თამაშს ველოდით. ასევე მოხარული ვარ, რომ ბუბა დაუშვილმა სწორი გუნდი იპოვა. ვფიქრობ, რომ ქართველი მწვრთნელის კლუბში მას შესაბამისი პოზიცია ექნება. დისკვალიფიკაციის გამო დანიასთან ჯაბა კანკავა დაგვაკლდება. ასევე ტრავმირებულია ნიკა კვეკვესკირი და ჩვენ ამ საკითხის გადაწყვეტა მოგვიწევს მომდევნო თამაშისთვის“, - ციტირებს სფფ-ის ვებგვერდი ვაისის სიტყვებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები დღეს სამხრეთ კორეას სტამბოლში ამხანაგურად გაეჯიბრება და მატჩი თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება. შემდეგ კი თბილისში დაბრუნდება და დანიასთან 8 სექტემბერს გასამართი შეხვედრისთვის მოემზადება.

0.117247