ფეხბურთი

2:39 | 2.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

რომაული დერბის ეშხი და "ინტერის" მეორე გამარჯვება

იტალიის სერია A-ს ორი ტურის შემდეგ სამი ლიდერი ჰყავს - „იუვენტუსი“, „ინტერი“ და „ტორინო“. „ბებერმა ქალბატონმა“ „ნაპოლის“ ჯერ კიდევ შაბათს აჯობა, ხოლო „ნერაძურიმ“ და „ხარებმა“ ორი ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმი კვირას გამოადნეს.

ანტონიო კონტეს გუნდი სარდინიაზე ჩავიდა, სადაც „კალიარი“ ელოდებოდა. პირველ ტურში „ნერაძურიმ“ მეტად ფეერიული ფეხბურთი აჩვენა და „ლეჩესან“ არაფერი დატოვა. ახლა კი უფრო რთული გამოცდა ელოდა, რადგან „სარდინია არენა“ მეტად არასტუმართმოყვარე არენაა. ასეც მოხდა, „ინტერს“ გაუჭირდა, მაგრამ მოიგო. ლაუტარო მარტინესის პირველი ტაიმის შუაწელს გატანილ გოლს ჟოაო პედრომ მეორე ნახევრის დასაწყისში უპასუხა. გადამწყვეტი კი რომელუ ლუკაკუს პენალტი გამოდგა, რომელმაც მილანურ გრანდს სეზონში ზედიზედ მეორედ მოაგებინა.

მილანელთა მსგავსად მეორე მატჩი მოიგო „ტორინომ“. ვალტერ მაძარის გუნდი შუა კვირაში ევროპა ლიგის მიღმა დარჩა, მაგრამ პარმაში, „ატალანტას“ აჯობა. პარმაში იმიტომ, რომ ბერგამოს სტადიონზე რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. ტურინელები ჯერ იგებდნენ, მერე აგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ თამაში შემოატრიალეს და 6 ქულას მოუყარეს თავი.

ტურის ცენტრალური დაპირისპირება კი „სტადიო ოლიმპიკოზე“ შედგა, მარადიულ ქალაქში. „ლაციო“ – „რომა“ ყოველთვის გამორჩეულია და ახლაც ასე იყო, გუნდებმა გულშემატკივარს ლამაზი 90 წუთი აჩუქეს. სიმონე ინძაგის „ლაციალემ“ მეტოქე დაჯაბნა, მეტი საგოლე მომენტიც შექმნა, მაგრამ ქულით მოუწია გულის ჯერება.

თამაში საოცარ ტემპში დაიწყო და საწყის 25 წუთში 5-ჯერ(!) მოხვდა ბურთი კარის ძელს. სამჯერ მასპინძლებს არ გაუმართლათ, ორჯერ სტუმრებს და ორჯერვე ნიკოლო ძანიოლოს. მე-17 წუთზე კი „რომა“ უკვე იგებდა. სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩს ბურთი საჯარიმოში ხელზე მოხვდა და დანიშნული პენალტი ალექსანდრ კოლაროვმა უპრობლემოდ გაიტანა. როგორც უკვე ვთქვით, „ლაციო“ უკეთ გამოიყერებოდა, მაგრამ მეტისმეტად ბევრი საგოლე შანსი გაატანა ქარს. თუმცა, მეორე ტაიმში მაინც გაათანაბრა. ჩირო იმმობილემ ლუის ალბერტოს დაუტოვა ბურთი და ესპანელმაც შეცდომა არ დაუშვა.

ბოლოს „ლაციოს“ მოგებაც შეეძლო, მაგრამ საქმეში ისევ ხარიხა ჩაერთო, რადგან მარკო პაროლოს 90-ე წუთზე დარტყმული ბურთი სწორედ მან აისხლიტა. ნამატჩევს „რომას“ თავკაცმა პაულუ ფონსეკამ თქვა, რომ ნახევარი სიცოცხლე მოაკლდა ნერვიულობისგან... პორტუგალიელს დერბი დელა კაპიტალეში დებიუტი ჰქონდა.

ფლორენცის „ფიორენტინა“ ორი ტურის თავზე უქულოდ დარჩა. „იებმა“ გენუაში, „ჯენოასთან“ ვერაფერი გააწყო და მორიგი მარცხი განიცადა. მომდევნო ტურში კი „იუვენტუსს“ ხვდება და ვინჩენცო მონტელას გუნდის საქმე მაინცდამაინც კარგად არაა. „ფიორენტინაზე“ უფრო რთულ დღეშია ეუსებიო დი ფრანჩესკოს „სამპდორია“, რომელიც ჯერ შინ განადგურდა პირველ ტურში „ლაციოსთან“, ახლა „სასუოლოსთან“ 1:4 წააგო. პირველივე ტაიმში ჰეთ-თრიქი შეასრულა დომენიკო ბერარდიმ, რომელმაც ძველი დრო გაიხსენა და ჩრდილიდან გამოვიდა.

„პარმამ“ სეზონში პირველი გამარჯვება უდინეში მოიპოვა, სადაც თავიდან აგებდა, მაგრამ მერე სამი უპასუხო გოლი გაიტანა. „ლეჩემ“ კი საკუთარ მოედანზე დაბრუნების შემდეგ პირველად ითამაშა და ბოლო წუთზე გაშვებული გოლით „ვერონასთან“ დამარცხდა.

ახლა სერია A-ში სანაკრებო პაუზამ დაისადგურა და მესამე ტურის მატჩები ორ კვირაში გაიმართება.

„ლაციო“ – „რომა“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 კოლაროვი (17, პენ), 1:1 ლუის ალბერტო (58)

„ატალანტა“ – „ტორინო“ 2:3 (1:1)

გოლები: 0:1 ბონიფაცი (24), 1:1 ძაპატა (38), 2:1 ძაპატა (54), 2:2 ბერენგერი (57), 2:3 იცო (66)

„კალიარი“ – „ინტერი“ 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 ლაუტარო მარტინესი (27), 1:1 ჟოაო პედრო (50), 1:2 ლუკაკუ (72, პენ)

„ჯენოა“ – „ფიორენტინა“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ძაპატა (11), 2:0 კუამე (65), 2:1 პულგარი (76, პენ)

„ლეჩე“ – „ვერონა“ 0:1 (0:0)

გოლი: 0:1 პესინა (81)

„სასუოლო“ – „სამპდორია“ 4:1 (3:0)

გოლები: 1:0 ბერარდი (29), 2:0 ბერარდი (36), 3:0 ბერარდი (43), 4:0 ტრაორე (47), 4:1 კვალიარელა (67, პენ)

„უდინეზე“ – „პარმა“ 1:3 (1:1)

გოლები: 1:0 ლასანია (17), 1:1 ჟერვინიო (43), 1:2 გალიოლო (59), 1:3 ინგლეზე (75)

თეგებისერია A
0.403042