ფეხბურთი

3:16 | 1.09.2019 | ნანახია [] - ჯერ

დრამა და სიგიჟე ტურინში

იტალიის სერია A-ს 2019-2020 წლების სეზონი ფანტასტიკურად დაიწყო და ალბათ, წინ კიდევ უფრო დიდი სიამოვნება გველოდება. პირველ ტურში გამართული რამდინემე ლამაზი მატჩის შემდეგ, ამჯერად მეორე ტურიც დიდებულად დაიწყო.

ტურინში კონკურენტების გზები მიმდინარე სეზონში პირველად გადაიკვეთა: „იუვენტუსი“ – „ნაპოლი“.

მაურიციო სარი სტადიონზე იყო, თუმცა მხოლოდ ტრიბუნებზე და გუნდს ისევ მისი ასისტენტი ჯოვანი მარტუშიელი ხელმძღვანელობდა. „იუვე“ შინ წელს პირველად თამაშობდა და ბუნებრივია, ორმაგი მოტივაცია ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ნეაპოლელთა წინააღმდეგ. თამაში კი უბრალოდ ფანტასტიკური გამოდგა, არაფერი რომ არ დაეწუნებოდა. მასპინძლებიც ჩინებულ ფეხბურთეს აჩვენებდნენ და სტუმრებიც.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ 1 საათი „იუვე“ მოედანზე ბატონობდა და ძალიან ლამაზი ფეხბურთიც ითამაშა, მეტოქეც მაგრად დაჯაბნა. თავიდან კი იყო ალანის სახიფათო დარტყმა და ვოიცეხ შჩესნის შესანიშნავი გარჯა, მერე „იუვენტუსმა“ წინ გაიხედა და თანაც როგორ. მე-16 წუთზე ტურინელთა სწრაფი კონტრშეტევა დუგლას კოშტამ ბრწყინვალედ წარმართა და დანილომ ანგარიში გახსნა. ბრაზილიელი მოედანზე 29 წამის შესული იყო და მასზე სწრაფად იტალიის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი ლეგიონერებს არ გაუტანიათ. გავიდა სამი წუთი და უკვე გონსალო იგუაინი დაუტრიალდა კალიდუ ლუბალის დიდოსტატურად და სხვაობაც გაზარდა. „პიპიტა“ ძალზე მოტივირებული ჩანს და როგორც ჩანს, შარშანდელის შემდეგ ტურინელებს თავის შესაძლებლობებს უმტკიცებს. „იუვეს“ კიდევ შეეძლო გატანა პირველ ტაიმში. იმავე იგუაინმა სამი ხედირას პრაქტიკულად გაატანინა, მაგრამ გერმანელმა ალექს მერეტს დაუმიზნა. სამაგიეროდ, ცოტა ხანში უფრო რთული სიტუაციიდან გაისროლა და ხარიხამ იხსნა სტუმრები.

62-ე წუთზე კი დუგლას კოშტას მორიგი საგოლე პასი და კრიშტიანუ რონალდუს პირველი გოლი ახალ სეზონში - 3:0. აქ „იუვენტუსმა“ თამაში დაასრულა და ის, რაც მანამდე გააკეთა ლამის წყალში გადაყარა. „ნაპოლიმ“ ერთი გოლი მალევე გაქვითა, როდესაც კოსტას მანოლასმა იხეირა, ორ წუთში კი მატიას დე ლიხტმა ნეაპოლელთა დებიუტანტი ირვინგ ლოზანო დაკარგა და სხვაობა მინიმალური გახდა. სხვათა შორის ჰოლანდიელის დებიუტი შედგა ტურინში, რომელმაც თანაგუნდელების მსგავსად იდეალური 1 საათი ითამაშა, მაგრამ მერე ორ გოლში დამნაშავე იყო. ცხადი გახდა, რომ თამაშის ჩარხი სტუმართა მხარეს გადავიდა და „იუვენტუსმა“ ნერვიულობა დაიწყო. მაგრამ იქვე, დუგლას კოშტას შეეძლო ყველაფერი დაემშვიდებინა, გაისროლა კიდეც, მაგრამ ალექს მერეტმა საოცარი ბურთი აიღო, ხარიხაც დაეხმარა და „ნაპოლი“ გადარჩა. ამასობაში კი კარლო ანჩელოტის გუნდმა საოცრება მოახდინა - ანგარიში გაათანაბრა! ისევ სტანდარტული ვითარება, როგორც მანოლასის შემთხვევაში და ახლა უკვე დი ლორენცო გაექცა დე ლიხტს - 3:3.

დარჩენილი 10 წუთი მატჩი მშვიდ კალაპოტში გადავიდა და გუნდებმა დავიწყეს ის სიგიჟეები, რაც მანამდე აკეთეს. თითქოს, ფრეზეც ყაბულს იყვნენ. მაგრამ, მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე კულიბალი ანტიგმირი გახდა. მირალემ პიანიჩის არაფრის მომცემი სტანდარტულის შემდეგ აუტკივარი თავი აიტკივა და მერეტს ისეთი დაურტყა, თქვენგან მოწონებული - 4:3. სხვათა შორის, ნამატჩევს სენეგალელი ჯორჯო კიელინიმ გაამხნევა, რომელიც მასთან მივიდა და გადაეხვია. ისე კი, თავად ჯორჯოც გასამხნევებელი იყო და პუბლიკამ არ დაიშურა მისდამი აპლოდისმენტები. მოგეხსენებათ, კიელინი 5-6 თვით იუქმებს მძიმეტრავმსი გამო. ვთქვათ, ისიც, რომ მასპინძელი ფანები ჯანლუიჯი ბუფონს სპეციალური ბანერით დახვდნენ, კეთილი იყოს შენი სახლში დაბრუნებაო - მოკლედ, მოედანს მიღმაც საინტერესო ამბები ხდებოდა.

მოედანზე კი „იუვენტუსმა“ მოიგო და ალბათ დამსახურებულადაც, მაგრამ მეორეს მხრივ, „ნაპოლიც“ არ იმსახურებდა წაგებას. თუმცა, ფეხბურთი ასეთია... ტურინული საღამო კი დიდხანს დარჩება ფეხბურთის გურმანთა მეხსიერებაში და ეს უკვე კარგია.

სანამ პიემონტის დედაქალაქში ჩამოცხებოდა, იქამდე „მილანმა“ „ბრეშა“ დუნედ, მაგრამ რაც მთავარია დაამარცხა და გამარჯვებულებს არ ასამართლებენო. ჰაკან ჩალჰანოღლუს დასაწყისშივე გატანილმა გოლმა „როსონერის“ პირველი გამარჯვება მოუტანა მიმდინარე სეზონში. ისე კი, ლომბარდიელთა თამაშის ხარისხი აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს და მარკო ჯამპაოლოს საფიქრალი არ აკლია.

კალჩოს მეორე ტური კი, გრძელდება. კვირას კიდევ ერთი გიჟური მატჩის მოლოდინი არსებობს. მარადიულ ქალაქში რომაული დერბია!

„იუვენტუსი“ – „ნაპოლი“ 4:3 (2:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

მაყურებელი: 40 000

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; დე შილიო (დანილო 15), ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; ხედირა (ემრე ჯანი 61), პიანიჩი, მატუიდი; დუგლას კოშტა, იგუაინი (დიბალა 76), რონალდუ

მწვრთნელი: ჯოვანი მარტუშიელო

„ნაპოლი“ (4-4-1-1): მერეტი; დი ლორენცო, მანოლასი, კულიბალი, გულამი (მარიო რუი 46); კალეხონი, ალანი (ელმასი 74), ზიელინსკი, ინსინიე (ლოსანო 46); ფაბიან რუისი; მერტენსი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 1:0 დანილო (16), 2:0 იგუაინი (19), 3:0 რონალდუ (62), 3:1 მანოლასი (66), 3:2 ლოსანო (68), 3:3 დი ლორენცო (81), 4:3 კულიბალი (90, ა.გ)

გაფრთხილება: მატუიდი (52), ალექს სანდრო (80), დუგლას კოშტა (83) - გულამი (40), დი ლორენცო (44), ელმასი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (8) – 12 (7) ბურთის ფლობა: 44%-56% კუთხურები: 2:5 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: დანიელე ორსატო

„მილანი“ – „ბრეშა“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 ჩალჰანოღლუ (12)

თეგებისერია A
0.354081