ცნობილმა რუსმა ტანმოვარჯიშე მარია ხარენკოვამ მოქალაქეობის შეცვლა გადაწყვიტა და ამიერიდან საქართველოს სახელით იასპარეზებს. ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება ოფიციალურად გაფორმდა ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, რომელიც ნიკარაგუას დედაქალაქ მანაგუაში შედგა.
20 წლის ხარენკოვა როსტოვში გახლავთ დაბადებული და უკვე მცირე ასაკიდან დიდ წარმატებებს აღწევდა. ჯერ კიდევ 2014 წელს მარიამ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ძელზე ვარჯიშში ოქროს მედალი მოიპოვა, მასვე ეკუთვნის ვერცხლი და ბრინჯაო გუნდურ ასპარეზობაში და ასევე გუნდური ბრინჯაოს მედალი 2014 წელს ჩინურ ნანინგში ჩატარებულ მსოფლიოს პირველობაზე.
სავარაუდოა, რომ ხარენკოვას საქართველოს ნაკრებში დებიუტი 4-13 ოქტომბერს გერმანიის ქალაქ შტუტგარტში დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატზე შედგება.