კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი კლუბის ისტორიაში უკვე ჩაეწერა. ესპანეთის ლა ლიგის მეორე ტურში „ბარსამ“ საკუთარ მოედანზე სევილიის „ბეტისი“ 5:2 გაანადგურა და ფრანგმა ფორვარდმა ამაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
თავდაპირველად „ბეტისი“ დაწინაურდა, მაგრამ სევილიელთა გატეხვა მასპინძლებმა სწორედ გრიზმანის გოლებით შეძლეს. ანტუანმა 41-ე და 50-ე წუთებზე ორჯერ იხეირა. საინტერესოა, რომ გრიზმანი გახდა „ბარსელონას“ პირველი ფეხბურთელი, რომელმაც XXI საუკუნეში „კამპ ნოუზე“ ლა ლიგის ეგიდით სადებიუტო მატჩში დუბლი შეასრულა.
კიდევ ერთი ნიშანდობლივი გარემოებაც: გრიზმანს „კამპ ნოუზე“ აქამდე მეტოქის რანგში 14-ჯერ ჰქონდა ნათამაშები, მაგრამ გოლი არასდროს გაეტანა. ახლა კი, უკვე საშინაო გარემოში პირველივე თამაშში ორი გოლი მიითვალა.