ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და "ფლამენგოს" მცველმა ფილიპე ლუისმა განაცხადა, რომ ბრაზილიაში დაბრუნებამდე "მანჩესტერ სიტის", "დორტმუნდს" და "ლიონს" გადასვლაზე უარი განუცხადა. ფეხბურთელს "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულში დაუმთავრდა და იანვრიდან შეეძლო მოლაპარაკებების გამართვა.
"კარგი შემოტავაზება მქონდა "დორტმუნდისგან", თუმცა გერმანიაში სათამაშოდ გული არ მიმიწევდა. იანვრიდან მარტის ჩათვლით მოლაპარაკებას "მანჩესტერ სიტისთან" ვაწარმოებდით, თუმცა შეთანხმება არ შედგა. ასევე, ჟუნინიო პერნამბუკანომ, "ლიონის" დირექტორმა, დამირეკა, თუმცა საბოლოოდ უარი ვთქვი. თურქეთიდან და ჩინეთიდანაც იყო შემოთავაზებები, თუმცა "ფლამენგოში" ვარჩიე თამაში." - განუცხადა Esporte Espetacular-ს ლუისმა.
ფილიპემ "ატლეტიკოს" რიგებში 333 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 12 გოლი და 30 საგოლე გადაცემა შეასრულა. "როხინბლანკოსთან" ერთად ლუისი ესპანეთის ჩემპიონი ერთხელ გახდა, ხოლო ევროპა ლიგა ორჯერ მოიგო.