ქართველი ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ.) იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დაწყებული მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა და ფინალურ ბლოკში ოქროს მედლისთვის ბრძოლას გააგრძელებს.
ჩხვიმიანი შეჯიბრში პირველივე წრიდან ჩაერთო, სადაც ჰონგ კონგელ იუ ლონგ ლაის იპონით აჯობა, შემდეგ კი, გაცილებით მძიმე ორთაბრძოლები გადაიტანა. ქართველმა ზედიზედ 3 რაუნდი იჭიდავა “გოლდენ სქორში” და ესპანელ ფრანსისკო გარიგოსსა და ბრაზილიელ ერიკ ტაკაბატაკეს – ვაზარებით, ხოლო უკრაინელ არტიომ ლესიუკს იპონით სძლია.
მეოთხედფინალში ლუხუმის მოწინააღმდეგე მსოფლიო პირველობის ერთ-ერთი აღმოჩენა – ტაივანელი იუნგ ვეი იანგი გახლდათ, რომელმაც ბრიტანელ ეშლი მაკკენზის, პირველ ნომრად განთესილ რუს რობერტ მშვიდობაძეს, ფრანგ ლუკა მხეიძესა და უზბეკ დიიორბეკ უროზბოევს მოუგო.
საბედნიეროდ, ტაივანელის სენსაციური სვლა ქართველმა ძიუდოისტმა შეაჩერა. ლუხუმმა ერთადერთი ვაზარი შეასრულა და ნახევარფინალში იაპონელ რიუჯუ ნაგაიამასთან ჭიდილის უფლება მოიპოვა.
სამწუხაროდ, ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა ამირან პაპინაშვილი, რომელმაც მე-2 წრეში ეკვადორელი ლენინ პრესიადო დააიპონა, შემდეგ ბელგიელი იორე ვერსტრაეტენი ვაზარიზე 2-ჯერ დასცა, ფეხი კი ყაზახ გუსმან კირგიზბაიევთან დაუცდა. ამირანმა საეჭვო ვაზარი გაუშვა, თავად ასევე ვაზარი გაუუქმეს, ამასთან აზიელს მხოლოდ 2 შიდო აკმარეს და ჩვენებური შეჯიბრს მიღმა დარჩა.
მოგვიანებით კირგიზბაიევმა ყირგიზი კუბანიჩბეკ აიბეკ უულუსაც აჯობა და ნახევარფინალში უზბეკ შარაფუდინ ლუტფილაევს გაეჯიბრება, რომელმაც სენსაცია მოახდინა და მსოფლიო პირველობას მასპინძელი ნაოჰისა ტაკატო გამოთიშა.
ფინალური ბლოკი სტარტს თბილისის დროით 14:00 საათზე აიღებს და მედლები ქალთა უმსუბუქეს წონით კატეგორიაშიც (48 კგ.) გათამაშდება: ნახევარფინალში იაპონელი ფუნა ტონაკი კოსოვოელ დისტრია კრასნიქის გაეჯიბრება, უკრაინელი დარია ბილოდიდი კი – მონღოლ ურანცეცეგ მუნხბატს.