გაირკვა მე-3 გუნდის ვინაობა, რომელსაც საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 2021 წლის ევრობასკეტის დასკვნით საკვალიფიკაციო ეტაპზე გაეჯიბრება.
შეგახსენებთ, რომ საქართველო მომავალი ტურნირის ერთ-ერთი მასპინძელია და ფინალურ ეტაპზე ყველა ვარიანტში ითამაშებს, თუმცა, კვალიფიკაციაში მაინც იასპარეზებს.
ივლისში გამართულმა წილისყრამ ილიას ზუროსის შეგირდებს მეტოქეებად სერბეთი და ფინეთი არგუნა, კიდევ ერთი ნაკრები კი მე-3 საკვალიფიკაციო რაუნდს უნდა გამოევლინა.
ქართველი ქომაგისთვის საინტერესო H ჯგუფი იყო, სადაც პირველობისთვის შვეიცარია, ისლანდია და პორტუგალია იბრძოდნენ. აღსანიშნავია, რომ ჯგუფში ყველა მატჩი მასპინძლებმა მოიგეს, ამდენად, გამარჯვებული ბურთების სხვაობით გამოვლინდა.
პირველი პოზიციის დაკავება შვეიცარიელებმა მოახერხეს, რომლებიც ბოლო ტურის წინ ურთულესი მისიის წინაშე იყვნენ. “თეთრ-წითლებს” ისლანდია მინიმუმ 20 ქულის სხვაობით უნდა დაემარცხებინათ, მათ კი კუნძულელებს 109:85 სძლიეს და დამსახურებული წარმატება იზეიმეს.
შვეიცარიელთა წარმატება სამმა კალათბურთელმა განაპირობა: რობერტო კოვაჩმა 29 ქულა ჩააგდო, ჯონათან კაზადიმ 21 ქულას 9 პასი წაამატა, კლინტ კაპელამ კი ორმაგი დუბლი შეასრულა – 18 ქულა, 15 მოხსნა.
უდავოა, რომ ეს უკანასკნელი შვეიცარიელთა რიგებში ყველაზე სახელოვანი პერსონაა. 25 წლის ჟენეველი ცენტრი (სიმაღლე 2.08 მ.) 2014 წლის დრაფტზე “როკეტსმა” 25-ე ნომრად აიყვანა და მას შემდეგ, ჰიუსტონელთა ერთ-ერთ წამყვან კალათბურთელად იქცა.
NBA-ს გასულ რეგულარულ სეზონში კაპელამ “როკეტსის” მაისურით 67 მატჩი (ყველა სასტარტოში) ჩაატარა და მისი საშუალო მონაგარი 16.6 ქულა, 12.7 მოხსნა, 1.4 პასი და 1.5 დაფარება გახლდათ, რაც ჩინებული მაჩვენებელია.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის ბოლო საკვალიფიკაციო რაუნდი სტარტს გაისად 20 თებერვალს აიღებს. პირველ ტურში, E ჯგუფის ეგიდით, საქართველოს ნაკრები სწორედ შვეიცარიას დაუხვდება, ფინეთი კი სერბეთს უმასპინძლებს.