2020 წლის ოლიმპიური თამაშების დედაქალაქი ტოკიო ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის (25-31 აგვისტო) ემზადება, რასაც თავის მხრივ მომავალი ოლიმპიური თამაშებისთვის გენერალური რეპეტიციის დატვირთვაც ექნება.
ტოკიოს მსოფლიო ტატამზე წინასწარი მონაცემებით ხუთივე კონტინენტის 149 ქვეყნის 863 ძიუდოისტს (342 ქალი, 521 კაცი) ელიან. მათ შორის საქართველოს ნაკრებს, რომელიც შვიდივე წონაში ცხრა ძიუდოისტით წარსდგება, ქალთა ნაკრებში კი მხოლოდ ერთი წარმომადგენელი გვეყოლება.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ტოკიოს მსოფლიო ჩემპიონატზე არ ჩავა ჩრდილოეთ კორეა. იაპონიასა და ჩრდილოეთ კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ, მაგრამ ჩრდილოეთკორეელი სპორტსმენებისთვის იაპონიის ტერიტორიაზე შესასვლელად ჩვეულებისამებრ გამონაკლის უშვებენ. გარდა ამისა, ირკვევა, რომ ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია არ დაესწრება 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მისიის ხელმძღვანელთა სემინარს, რომელსაც 20-22 აგვისტოს ტოკიო მასპინძლობს.
ტოკიოში დღეს დაწყებულ ოთხდღიან სემინარში მონაწილეობს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, რომელიც შემდგომ ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატს დაესწრება.
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები:
60 კგ. ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი
66 კგ. ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
73 კგ. ლაშა შავდათუაშვილი
81 კგ. ლუკა მაისურაძე
90 კგ. ბექა ღვინიაშვილი
100 კგ. ვარლამ ლიპარტელიანი
+100კგ. გურამ თუშიშვილი
ქალები
52 კგ. ტატიანა ლევიცკა-შუკვანი