საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ ვარშავის „ლეგია“ ევროპა ლიგის პლეი-ოფში გაიყვანა. ამის თქმის უფლება ნამდვილად გვაქვს, რადგან პოლონურმა გუნდმა საბერძნეთში „ათრომიტოსი“ 2:0 დაამარცხა და ჩვენებურმა გოლი და საგოლე პასი მიითვალა.
29-ე წუთზე გვილიამ სტოლარსკის კარგი პასი მისცა და თანაგუნდელაც ერთი შეხებით ზუსტად გადაგზავნა ბურთი მეტოქის კარში. მეორე ტაიმის დასაწყისში, 51-ე წუთზე კი თავად ჩვენებურმა გაიტანა, როდესაც უკვე თვითონ შეძლო ერთი შეხებით მეტოქის კარის აღება.
ვაკომ აღნიშნულ მატჩში შეუცვლელად ითამაშა. ვთქვათ ისიც, რომ პირველი მატჩი ვარშავაში უგოლოდ დასრულებულიყო და შესაბამისად, გვილიას გოლმა და საგოლე პასმა ორმატჩიანი რაუნდის ბედი გადაწყვიტა.
აქვე გეტყვით, რომ პლეი-ოფში „ლეგია“ დანიური „მიდტიულანდისა“ და „გლაზგო რეინჯერსის“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.