თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ვახტანგ ბალავაძისა და გივი კარტოზიას სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, პირველ ფინალურ დღეს, კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ორმა წევრმა მოახერხა.
ბექა ლომთაძემ (61 კგ.) ფინალში აზერბაიჯანელი აჰმედნაბი გვარზატილოვი 7:4 დაამარცხა, ზურაბ ერბოწონაშვილმა (79 კგ.) კი გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ირანელ ბაჰმან ტეიმოურის 4:2 სძლია.
სამწუხაროდ, ოქროს მედლებამდე თითო გამარჯვება დააკლდათ კონსტანტინე ხაბალაშვილსა (70 კგ.) და ირაკლი მწითურს (92 კგ.). ხაბალაშვილმა ირანელ იონეს ემამიჩოგაეისთან ვერაფერი გააწყო და 2:13 დამარცხდა, მწითური კი აზერბაიჯანელ შამილ ზუბაიროვთან უშანსოდ ნამდვილად არ იყო, თუმცა, 4:4-ზე შებოჭვაზე მოჰყვა.
ვთქვათ ისიც, რომ ბრინჯაოს მედლების მოპოვება მოახერხეს მიხეილ ბერძნიშვილმა (61 კგ.), მირზა სხულუხიამ (70 კგ.), ლევან ქელეხსაშვილმა (70 კგ.), ტარიელ გაფრინდაშვილმა (79 კგ.) და ბექა ნადაშვილმა (92 კგ.).
აღსანიშნავია, რომ ტურნირის სტუმართა შორის საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებისა და ესპანური “ბასკონიას” ლიდერი თორნიკე შენგელიაც გახლდათ, რომელმაც მონაწილეობა დაჯილდოვების ცერემონიალშიც მიიღო.