ქართველი მოჭადრაკე ბაადურ ჯობავა (2584) არაბეთის გაერთიანებული ემირატების დედაქალაქ აბუ დაბიში მიმდინარე საერთაშორისო ფესტივალის მოგებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა.
ჯობავამ ტურნირზე სტარტზე მიჯრით 6 პარტია მოიგო, დღეს კი, შავი ფიგურებით მე-2 ნომრად განთესილ ჰუა ნისთან (2668) ყაიმი გააფორმა, რაც ასევე აქტივში უნდა ჩავუთვალოთ.
ბაადურმა 6.5 ქულა მოაგროვა და ერთპიროვნულ ლიდერად რჩება, 6 მოჭადრაკისგან შემდგარ ჯგუფს კი კვლავაც 1.0 ქულით უსწრებს, რაც შეჯიბრის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, კარგი უპირატესობაა.
მე-8 ტურში ჯობავა თეთრი ფიგურებით სწორედ ერთ-ერთ უახლოეს მდევარს, პოლონელ მატეუშ ბარტელს (2612) ეთამაშება.
აბუ დაბის ტურნირზე კიდევ ერთი ქართველი მოჭადრაკე ლუკა პაიჭაძე (2570) ირჯება, რომელიც მე-7 ტურში თეთრებით უკრაინელ ანდრეი ვოლოკიტინს (2636) დაუზავდა.
ლუკა 4.5 ქულით ოცდამეერთე-ოცდამეცხრამეტე ადგილებს ინაწილებს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, ოცდამეექვსეა.
მე-8 ტურში პაიჭაძე შავებით კიდევ ერთ უკრაინელ იური კრივორუჩკოს (2686) ეთამაშება, რომელსაც პირველი განთესვა კი აქვს, თუმცა, 4.5 ქულით მხოლოდ 35-ე პოზიცია უკავია.
აბუ დაბის საჭადრაკო ფესტივალი 9 ტურად მიმდინარეობს და 10 აგვისტოს დასრულდება, მისი საპრიზო ფონდი კი ასე განაწილდება: I ადგილი – 13 000 დოლარი, II – 7 500, III – 5 500, IV – 3 500, V – 2 000, VI – 1 500, VII – 1 000, VIII – 800, IX – 700, X – 600.