ფეხბურთი

23:50 | 28.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

რატომ არ თამაშობს კვირკველია "ლოკომოტივში"? - იური სიომინის განმარტება

რუსეთის პრემიერლიგაში უკვე სამი ტური მიილია, მაგრამ მოსკოვის „ლოკომოტივის“ რიგებში სოლომონ კვირკველია არ ჩანს. უფრო სწორად, ჩანს, მაგრამ ოდენ სათადარიგო სკამზე.

იური სიომინმა 27 წლის ჩვენებური რუსეთის ჩემპიონატის სამივე ტურში 90 წუთი თადარიგში დატოვა (ისევე, როგორც ბენედიქტ ჰიოვედესი). სოლომონმა ჯერ კიდევ გასული სეზონის ბოლოს ტურში, მაისის მიწურულს ტრავმა მიიღო, აღნიშნული მიზეზით სეზონის წინ რუსეთის სუპერთასის მატჩიც გამოტოვა, როდესაც განაცხადშიც არ იყო.

თუმცა პრემიერლიგაში სიომინს ის განაცხადში მუდმივად შეჰყავს, ოღონდ არ ათამაშებს. საინტერესოა, რომ „ლოკომოტივმა“ ზაფხულში „კრუზეიროდან“ ბრაზილიელი მცველი მურილო სერკეირა დაიმატა და სწორედ 22 წლის სამხრეთ ამერიკელი თამაშობს „რკინიგზელთა“ დაცვის ცენტრში (ვედრან ჩორლუკასთან ერთად).

მოსკოველთა მთავარმა მწვრთნელმა იური სიომინმა ცსკა-სთან (0:1) განცდილი მარცხის შემდეგ აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა.

„კვირკველია და ჰიოვედესი უკვე ვარჯიშობენ გუნდთან ერთად და მალე შეძლებენ ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას“, - თქვა სიომინმა.

შეგახსენებთ, სოლომონ კვირკველია ბოლო 2.5 წლის ნახევრის განმავლობაში "ლოკომოტივისთვის" უმნიშვნელოვანესი ფიგურა იყო და წესით, ძირითად შემადგენლობაში ადგილის დაბრუნება არ უნდა გაუჭირდეს.

0.124312