27 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 1 885 490 ევრო) მე-2 მატჩი მოიგო და შარშან მოპოვებული ტიტულის დაცვას წარმატებით განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ მე-4 ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა პირველ წრეში ვენესუელელი უგო დელიენი 6:4, 6:3 დაამარცხა, დღეს კი, არგენტინელ ხუან იგნასიო ლონდეროს 6:4, 3:6, 6:3 სძლია და წლეულს, საფრანგეთის ღია პირველობაზე განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო.
ლონდეროსთან შერკინება საათსა და 50 წუთს გაგრძელდა და საერთო ჯამში, ნიკოლოზი მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდა. ბასილაშვილმა 8 ეისი მოაწოდა და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა და მართალია 34 უნებლიე შეცდომა მოუგროვდა, 38 “ვინერსიც” მიითვალა.
ქართველმა ჩოგბურთელმა ბადესთან 13-დან 7 ბურთი მოიგო, 6-დან 2 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად მოწოდება ერთადერთხელ დათმო, საერთო ჯამში მოპოვებული ქულებით კი, არგენტინელს 84:78 აჯობა.
ამგვარად, ნიკოლოზმა ჰამბურგში უკვე 90 სარეიტინგო ქულა დაიცვა და ე.წ. “ლაივ-რეიტინგში” 1565 ქულით 23-ე ადგილზე გადაინაცვლა.
უკვე ცნობილია, რომ ჰამბურგის ტურნირის მეოთხედფინალში ბასილაშვილის მოწინააღმდეგე ფრანგი ჟერემი შარდი იქნება, რომელმაც მიმდინარე კვირაში თანამემამულეებს ბენუა პერისა და რიშარ გასკეს, შესაბამისად, 6:7 (4:7), 7:5, 6:3 და 7:6 (7:5), 7:5 სძლია.
32 წლის შარდი მსოფლიო კლასიფიკაციაში 77-ე პოზიციაზე იმყოფება და მას ნიკასთან დადებითი ბალანსი აქვს. 2017 წლის ირვინგის (აშშ) ჩელენჯერზე ჟერემიმ ბასილაშვილი 6:2, 6:1 დაამარცხა, 2018 წელს, სტამბულის ტურნირზე კი, ჩვენებურს 7:5, 6:3 აჯობა.