ქართველი ძიუდოისტი ნიკა ბაჩიაშვილი (50 კგ.) აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ევროპის რიგით XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედლისთვის იბრძოლებს.
ბაჩიაშვილმა საწყის წრეებში ავსტრიელი მარკუს აუერი და იტალიელი ტომას სკატოლინო დააიპონა, ნახევარფინალში კი ამავე ილეთით თანატოლთა შორის ევროპის ჩემპიონს, ფრანგ რომეინ ვალადიე პიკარს აჯობა.
გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე რუმინელი ალექსანდრუ მატეი იქნება, რომელმაც ნახევარფინალში უკრაინელი მიკიტა ჰოლობოროდკო დაამარცხა.
გოგონათა ტურნირის რეპეშაჟში დიანა გაგოშიძე-ფილკინამ (48 კგ.) ბრიტანელი მაე ბოსტოკი იპონზე დასცა, შემდეგ კი, გერმანელ ჯული ზიგლერთან მტკივნეული ილეთით დამარცხდა.
ფინალური ბლოკი სტარტს 16:00 საათზე აიღებს.