სხვა

18:25 | 23.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

15-წლამდე წყალბურთელთა ნაკრები ევროპირველობაზე მეოთხედფინალის საგზურისთვის იბრძოლებს

საქართველოს 15-წლამდე წყალბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთის ქალაქ ბურგასში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჰოლანდიას 14:11 (1:3, 5:3, 3:2, 5:3) სძლია და ჯგუფური ეტაპი მე-2 ადგილზე დაასრულა, რაც უდავოდ წარმატებად უნდა მივიჩნიოთ.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა წყალბურთელებმა C ჯგუფში მხოლოდ უდავო ფავორიტად მიჩნეულ იტალიასთან წააგეს (8:12), რუსეთს დაუზავდნენ (9:9), დღეს კი, “ნარინჯისფრებთან” შეხვედრაში მეტად საჭირო გამარჯვება იზეიმეს.
საქართველოს ნაკრებმა მხოლოდ საწყისი მეოთხედი დათმო, დანარჩენებში კი იმარჯვა და საბოლოოდ, დამაჯერებელ წარმატებას მიაღწია.
გუნდს ბესარიონ ახვლედიანმა ულიდერა, რომელმაც 6 გოლი შეაგდო, გუგა გელაშვილმა და საბა ტყეშელაშვილმა დუბლი შეასრულეს, თითოჯერ კი თავი გიორგი კოზაშვილმა, გიორგი კირიაკიდიმ, ლუკა გელოვანმა და იაკობ ცოტაძემ გამოიჩინეს.

ამგვარად, ქართველმა წყალბურთელებმა 4 ქულა მოაგროვეს და ჯგუფში მხოლოდ სამივე მატჩის მომგებ იტალიას (9 ქულა) ჩამორჩნენ. ჩვენებურთა დარად, 4 ქულა მიითვალეს რუსებმაც, თუმცა, ისინი ქართველებს ბურთების უარესი სხვაობის გამო ჩამორჩნენ (ჰოლანდიას 12:10 სძლიეს, იტალიასთან კი 6:11 წააგეს.).
საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს და ხვალ, ძალებს A ჯგუფში მე-3 ადგილზე გასულ სლოვაკეთთან მოსინჯავს, რომელმაც მხოლოდ რუმინეთს აჯობა (6:5), ხორვატიასთანა (7:15) და უნგრეთთან (6:20) კი უიმედოდ დამარცხდა.
ქართველ წყალბურთელთათვის ესოდენ მნიშვნელოვანი მატჩი 24 ივლისს, თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება და თუკი ჩვენმა ჭაბუკებმა იმარჯვეს, მეოთხედფინალში B ჯგუფის გამარჯვებულ საბერძნეთთან თამაშის უფლებას მიიღებენ.
მეოთხედფინალში თამაშის უფლება პირდაპირ მოიპოვეს 4 ჯგუფის გამარჯვებულებმა: ხორვატიამ, საბერძნეთმა, იტალიამა და სერბეთმა.
მეოთხედფინალის დარჩენილი 4 საგზურისთვის საქართველოსა და სლოვაკეთის გარდა, მონტენეგრო-თურქეთი, ესპანეთი-სლოვენია და უნგრეთი-რუსეთი იბრძოლებენ.
ვთქვათ ისიც, რომ მეცამეტე-მეთექვსმეტე ადგილებს რუმინეთი-ჰოლანდია და ბულგარეთი-ბელარუსი გაითამაშებენ.

0.115015