თელავში დაწყებული მორიგი 15-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში 5 ქართველი ჩოგბურთელი იყო დაშვებული და მათგან მხოლოდ ერთმა – გიორგი ცივაძემ მოახერხა ეს თავისი რეიტინგის წყალობით, დანარჩენებს კი “უაილდ ქარდი” მისცეს.
ცივაძე საწყის რაუნდში მე-2 განთესვის მქონე უზბეკ ოლიმჯონ ნაბიევს გაეჯიბრა და 2:6, 6:1, 6:1 სძლია. მერვედფინალში გიორგის მეტოქე რუსებს – საბანინსა და ხომენტოვსკის შორის უმჯობესი იქნება.
ზურა ტყემალაძემ მე-3 ნომრად მიჩნეულ უზბეკ საიდალო საიდკარიმოვთან 3:6, 4:6 წააგო, ხოლო საბა ფურცელაძე კიდევ ერთ უზბეკ იურაბეკ კარიმოვს ვერ გაუმკლავდა – 6:7 (2:7), 5:7.
ვთქვათ ისიც, რომ ნიკოლოზ დავლიანიძე ძალებს პირველი რეიტინგის მქონე ჩეხ დავიდ პოლიაკთან მოსინჯავს, ხოლო დავით ჭელიძე ამერიკელ დენის უსპენსკის (მე-7) დაუპირისპირდება.
თელავის ტურნირის კვალიფიკაციაში “უაილდ ქარდით” 3 ქართველი ჩოგბურთელი ჩაება, თუმცა, ძირითად ბადეში გასვლა ვერცერთმა მოახერხა.
პირველი რაუნდი მხოლოდ გუგა თავაძემ დასძლია, რომელმაც მე-10 ნომრად განთესილ უზბეკ შონიქმატჯონ შოფაიზიევს აჯობა – 4:6, 6:1, 10:7, შემდეგ კი, მე-4 რეიტინგის მქონე რუს მატვეი ხომენტოვსკისთან 1:6, 2:6 წააგო.
მიხაილო კვანტალიანი ამერიკელ ეი ჯი კატანძარიტისთან (მე-3) 6:7 (4:7), 4:6 დამარცხდა, ხოლო ლაშა გიორგი კიკვიძე რუს მაქსიმ კრაპივინს (მე-12) ვერ გაუმკლავდა – 2:6, 2:6.