სოციალური მედიის ეპოქაში ფეხბურთელებისა და მაისურების ორიგინალური პრეზენტაცია გასაკავირი ნამდვილად აღარ არის და ყველა კლუბი ახერხებს თავისი ნიშნის დატოვებას.
თუმცა, თურქულმა „ტრაბზონსფორმა“ 2019-2020 წლების სეზონისთვის ახალი მაისური იმდენად ორიგინალურად წარადგინა, რომ ამ ეპოქაშიც კი, სოციალური მედია დაიპყრო.
ვიდეოში ჩანს ბავშვები, რომლებიც ეზოში ფეხბურთს თამაშობენ და „ტრაბზონსფორის“ მაისურები აცვიათ. თუმცა, იქვეა კიდევ ერთი ბავშვი, რომელსაც თამაშის შესაძლებლობას არ აძლევენ, რადგან კლუბის ოფიციალური მაისური არ აცვია.
გულდაწყვეტილი ბიჭუნა გამოსავალს იპოვის და ჩვეულებრივ მაისურზე აწერს: 10 Abdulkadir.
ამ ყველაფერს დედამისი შეესწრება, რომელიც მას სიურპრიზს გაუკეთებს, ნამდვილ მაისურს მოუქსოვს და ბავშვს ყველაზე დიდ სიურპრიზს მოუწყობს. ვიდეომ სოციალურ ქსელში მართლაც დიდი პოპულარობა ჰპოვა და ტვიტერში საკუთარ კედელზე კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელმა ჟერარ პიკემაც გააზიარა. სანაცვლოდ კი, თურქულმა გუნდმა ესპანელს მისთვის და მისი ოჯახისთვის მაისურების საჩუქრად გაგზავნის პირობა მისცა.