ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე საპასუხო მატჩში ქუთაისის „ტორპედო“ შიმქენტის „ორდაბსს“ უმასპინძლებს. მატჩამდე ყაზახების ქართველმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ისაუბრა.
ქართველი სპეციალისტის განცხადებით, სამშობლო ძალიან უყვარს და ცდება ყველა, ვინც ასე არ ფიქრობს. ცხადაძე მიიჩნევს, რომ „ტორპედომ“ პირველ თამაშში შედეგზე გათვლილი თამაში ჩაატარა და შეტევაში ამ გუნდის ძალა ჯერ კიდევ საიდუმლოა.
თამაშისთვის მზადება
ჩვენ ძალიან გადატვირთული კალენდარი გვაქვს. ცოტა ხნის წინ „ტობოლთან“ ვითამაშეთ, მანამდე „ტორპედოსთან“ და ახლა ისევ მოედანზე უნდა გავიდეთ. შედეგად, ძალების აღდგენისთვის დიდი დრო არ გვქონია, მაგრამ სერიოზულად ვემზადებით და ვეცდებით კარგი თამაში ვაჩვენოთ, რომელიც შემდეგ ეტაპზე გაგვიყვანს. ჟოაო პაულო ვარჯიშობს და შემადგენლობას, რომელიც მოედანზე გავა, დილით გადავწყვეტ.
მეტოქე
„ტორპედო“ არის გუნდი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ბევრი ტიტული მოიგო. თუმცა, ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, რომლებიც ახლებმა ჩაანაცვლეს. ისინი ახალგაზრდები, მაგრამ ნიჭიერები და ამბიციურები არიან. პირველ თამაშში „ტორპედომ“ აქცენტი შედეგზე და დაცვაზე გააკეთა. შესაბამისად, შეტევაში მისი თამაში ჩვენთვის საიდუმლოა.
საქართველოში დაბრუნება
ქართველი გულშემატკივრებისთვის დასამტკიცებელი არაფერი მაქვს. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და ვინც ასე არ ფიქრობს, ცდება. ახლა ჩემთვის მთავარი მოტივაცია შემდეგ ეტაპზე გასვლაა.
შეგახსენებთ, რომ „ტორპედოსა“ და „ორდაბასის“ შეხვედრა დღეს, 21:00 საათზე „მიხეილ მესხის“ სტადიონზე გაიმართება და იმერლებს ერთბურთიანი ჩამორჩენა აქვთ აღმოსაფხვრელი.