საფეხბურთო კლუბმა "ზუგდიდმა" პირველი საკონტროლო მატჩი თბილისში გამართა და სომხურ პრემიერ-ლიგაში მოასპარეზე ერევნის "არცახთან", რომელმაც სახელწოდება იცვალა და "ნოა" ეწოდება, ფრედ - 1:1 ითამაშა.
შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და ოცწუთიან ინტერვალში ასე გრძელდებოდა, თუმცა გუნდებმა რამდენიმე დასამახსოვრებელი მომენტი შექმნეს. ზუგდიდელთა ახალწვეულებზე ადრე გაუწყეთ, თუმცა ამ შეხვედრაში, სამი ფერადკანიანი ლეგიონერიც გამოჩნდა, რომელთაც კლუბთან ჯერ კონტრაქტი არ გაუფორმებიათ და მათ შემდეგ ტესტ-მატჩებშიც დააკვირდებიან.
შეხვედრის 29-ე წუთზე ერევნელთა საჯარიმოს მისადგომებთან ჯარიმა დაინიშნა და სტანდარტულიდან ზუსტი დარტყმით ლუკა გუგუჩიამ სომხური გუნდის კარში ეფექტური გოლი გაიტანა. პირველი ნახევარი ამ ანგარიშით დასრულდა.
მეორე ტაიმში გუნდებმა ცვლილებებს მიმართეს. სტუმრებმა მეორე ნახევრის შუაწელისკენ ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. ამის შემდეგაც ზუგდიდელებს ჰქონდათ შანსი, თუმცა მეტი გოლი არ გასულა და მატჩი ფრედ დასრულდა.
მორიგ საკონტროლო შეხვედრებს ზუგდიდელები 20 და 24 ივლისს გამართავენ. 20 ივლისს "ზუგდიდი წალენჯიხის "სქურს" წალენჯიხაში შეხვდება, ხოლო 24 ივლისს თბილისის "მერანის" ურეკში გაეჯიბრება.
საკონტროლო მატჩი, 16 ივლისი
"ზუგდიდი" – "არცახი-ნოა" 1:1
"ზუგდიდი" - პირველი ტაიმი: ჯომიდავა, მინდორაშვილი, მახარაძე, წურწუმია, ვიქტორ ჟოაკინი, ბურკაძე, კლიმიაშვილი, გუგუჩია, ჯიქიძე, სულამანიძე, ხაჩიძე
მეორე ტაიმი: ბერიშვილი, მალანია, ნადირაძე, ბუჩი, მალკი, რუხაია