ფოთში მიმდინარე საჭადრაკო ფესტივალზე 5 ტური მიილია, სატურნირო ცხრილის სათავეში კი დიდი სიმჭიდროვეა. გასული ტურების შედეგებით, 4.0 ქულით 6 მონაწილე ლიდერობს, რომელთა შორის 3 ქართველია.
დამატებითი მაჩვენებებლებით, მოჭადრაკეები ასე არიან განლაგებულნი: 1. ლევან ფანცულაია (2612), 2. თორნიკე სანიკიძე (2509), 3. ლუკა პაიჭაძე (2567), 4. არისტანბეკ ურაზაიევი (ყაზახეთი, 2436), 5. ლევონ ბაბუჯიანი (სომხეთი, 2469), 6. ჰოვანეს გაბუზიანი (სომხეთი, 2622).
ლიდერებს ნახევარი ქულით 7 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი ჩამორჩება, რომელთა შორის დავით მაღალაშვილი (2485), გაიოზ ნიგალიძე (2563) და ნოე თუთისანი (2460) არიან.
9 ტურად მიმდინარე შეჯიბრის მე-6 ტურში ცენტრალური 3 პარტია იქნება: გაბუზიანი-სანიკიძე, ბაბუჯიანი-ფანცულაია, პაიჭაძე-ურაზაიევი.
პარალელურად, უკვე დასრულდა შეჯიბრი ბლიცში, რომლის გამარჯვებულიც აზერბაიჯანელი ვუგარ მანაფოვი (2195) გახდა. მან 8.0 ქულა მოაგროვა და ნახევარი ქულით გაუსწრო მეორე-მესამე ადგილებზე გასულ თორნიკე სანიკიძესა (2470) და სომეხ ბაბუჯიანს.
შეგახსენებთ, რომ ფოთი საჭადრაკო ფესტივალს უკვე მეთოთხმეტედ მასპინძლობს. შეჯიბრის ფარგლებში 10 ტურნირი იმართება და მასში 9 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას. ფესტივალის საერთო საპრიზო ფონდი 45 000 ლარს შეადგენს.