საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ შესაძლოა მიმდინარე ზაფხულს გუნდი შეიცვალოს. დანიური მედია აქტიურად წერს, რომ ქართველ შემტევს „ბრონდბიუ“ ეპატიჟება და „რანდერსს“ კონკრეტული წინადადებაც გაუკეთა - 4.5 მილიონი დანიური კრონა.
თავის მხრივ, ლობჟანიძე არ გამორიცხავს „რანდერსის“ დატოვებას და ამასთან დანიაში დარჩენის სურვილიც აქვს.
„ცხადია, არ გამოვრიცხავ, რომ სხვა დანიურ გუნდში გადავიდე. ვფიქრობ, ჩემთვის უკეთესი დანიაში დარჩენა, რადგან სუპერლიგაში თამაში მომწონს და თავს კარგად ვგრძნობ. ვადასტურებ, რომ ინტერესი არის, მაგრამ ახლა „რანდერსის“ ფეხბურთელი ვარ და ამის შესახებ ბევრს არ ვფიქრობ. თუ დარჩენა მომიწევს, პრობლემა არ იქნება, რადგან აქ ჯერ კიდევ ბედნიერი ვარ“, - განაცხადა ლობჟანიძემ.
შეგახსენებთ, რომ საბა ლობჟანიძე „რანდერსში“ 2017 წლიდან თამაშობს და დღემდე 23 გოლის გატანა მოახერხა.