გაგამარუს შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა იაპონიის ქალაქ ნაგოიაში მიმდინარე ივლისის სუპერტურნირზე მე-8 მარცხი განიცადა, რაც იმას ნიშნავს, რომ უარყოფით ბალანსსა (მაკე-კოში) და შესაბამისად, წოდებაში დაქვეითებას ვერ გადაურჩება.
შეგახსენებთ, რომ გაგამარუ ნაგოიას ბაშოს რანგით მე-2 დივიზიონ ჯურიოში დასავლეთის მე-2 განთესვით შეხვდა და წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში, ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში აღზევების შანსიც ჰქონდა, თუმცა, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.
დღეს, ქართველი გოლიათი დასავლეთის მე-8 ნომერ იკოის გაეჯიბრა და ორადორი გამარჯვების წილ მე-8 წაგება მიითვალა. ჩვენებურმა ამჯერად ოშიდაშით წააგო და ახლა, იმისთვის თუ იბრძოლებს, რომ რეიტინგში ვარდნა რაც შეიძლება მცირე მასშტაბის იყოს.
ხვალ, გაგამარუს მეტოქე აღმოსავლეთის მე-8 რეიტინგოსანი დაიამამი იქნება, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც ქართველი სეკიტორი 3:2-ს იგებს.
ამასობაში, “იმპერატორის თასის” მოპოვების უმთავრეს კანდიდატად ისევ მონღოლი იოკოძუნა კაკურიუ რჩება, რომელმაც მიჯრით მე-10 გამარჯვება (იორიკირით) დასავლეთის მე-4 მაეგაშირა იჩინოჯოსთან იზეიმა.
თანემამამულეს 1 მოგებით ჩამორჩება იოკოძუნა ჰაკუჰო. ”თეთრი ფენიქსი” დღეს დასავლეთის პირველ სეკივაკე ტამავაშის დაუპირისპირდა და მეტოქე ცუკიოტიშიცით დაჯაბნა.