ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატში მომავალ სეზონში ერთბაშად სამ ქართველ კალათბურთელს ვიხილავთ. თავდაპირველად, ის ვთქვათ, რომ გიორგი ცინცაძესთან და მიხეილ ბერიშვილთან კონტრაქტები გააგრძელა მოქმედმა ჩემპიონმა “ალ შამალმა”.
შეგახსენებთ, რომ 33 წლის ცინცაძემ გასულ სეზონში 14 მატჩი ჩაატარა და მისი საშუალო მონაგარი 14.1 ქულა, 4.4 მოხსნა, 8.4 პასი და 1.3 ჩაჭრა იყო. შედეგიანად ირჯებოდა 31 წლის ბერიშვილიც, რომელიც 18 მატჩში საშუალოდ 13.4 ქულას, 5.7 მოხსნასა და 4.1 პასს აგროვებდა.
მომდევნო სეზონს ასევე დოჰის წარმომადგენელ “ალ არაბიში” დაიწყებს საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი აკაკი დვალიშვილი. 28 წლის მძიმე ფორვარდმა ბოლო 2 წელი ”ქუთაისში” გაატარა, გასულ სეზონში კი, 31 მატჩში მისი საშუალო მონაგარი 16.0 ქულა, 8.3 მოხსნა, 2.0 პასი და 1.5 დაფარება იყო.
საინტერესოა, რომ ყატარის ჩემპიონატის ფინალში სერიაში “ალ შამალმა” სწორედ “ალ არაბი” დაამარცხა.