ამერიკული „სან ხოსეს“ ქართველი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილის MLS-ის მე-19 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ლოს ანჯელეს „გალაქსისთან“ ჩვენებურის დიდებული გარჯა ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გამოარჩია.
ყაზაიშვილმა გასულ უიქ-ენდზე კალოფორნიულ კლასიკოში შესანიშნავად ითამაშა და მეტოქის კარში გატანილ სამივე გოლში ლომის წილი დაიდო. ჯერ თავად გაიტანა, მერე თანაგუნდელს საგოლე უპასა, ხოლო ბოლოს დრიბლინგით სცადა გატანა, მეკარემ აუღო, მაგრამ დამატებაზე „სან ხოსემ“ მაინც გაიტანა და 3:1 იმარჯვა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო ორ კვირაში (მე-17 და მე-19 ტურებში) კალოფორნიული კლასიკო „სან ხოსემ“ „გალაქსის“ მეორედ მოუგო და ვაკომ ხსენებულ მატჩებში 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი შეასრულა.
ცნობისთვის, ქართველი შემტევი მე-19 ტურის მსგავსად მე-17 ტურის საუკეთესო თერთმეტეულშიც მოხვდა.